სოფო კილაძე: სწორედ მმართველი გუნდი სვამდა ყველაზე მწვავე კითხვებს საგამოძიებო კომისიის ფარგლებში

„ობიექტურ დამკვირვებელს არ უნდა გასჩენოდა შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვინმეს ხელის დაფარებას ვცდილობთ, ან არ გვინდა ამ საქმის ბოლომდე მიყვანა. პირიქით, სწორედ ჩვენ ვიყავით, ვინც ყველაზე კრიტიკულ შეკითხვებს სვამდა”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა სოფო კილაძემ გადაცემა „360 გრადუსში” განაცხდა.
დეპუტატის თქმით, შემთხვევითი არ იყო ის, რომ მშობლების გამოკითხვისას პირველივე შეხვედრაზე დაინტერესდა მათ რა პრეტენზიები და კითხვები ჰქონდათ, რათა შემდგომში სწორედ ამ კითხვებზე გაეკეთებინა აქცენტი საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლების გამოკითხვისას.
„როგორც გამოირკვა, დადუნაშვილის ოჯახს არ აქვს პრეტენზიები. რაც შეეხება ზაზა სარალიძეს, სწორედ იმ საკითხებზე, რაც მისი შეფასებით გამოძიებისას ეჭვებს აჩენს, დღეს დავსვით კითხვები. თუმცა ვფიქრობ, საბოლოო დასკვნის გამოტანისთვის მიღებული ინფორმაცია საკმარისი არ არის. ვაპირებთ, მომავალშიც დავსვათ მწვავე კითხვები ფარდულის და მარკეტის ეპიზოდებზე, რაზეც ზაზა სარალიძესთან ერთად ჩვენც გვაინტერესებს კონკრეტული პასუხების მიღება”- აღნიშნა სოფო კილაძემ.
ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორი იქნება დეპუტატის თხოვნა, სხვა პირების, მათ შორის გიორგი გახარიას და ირაკლი შოთაძის გამოკითხვის შესახებ, სოფო კილაძემ უპასუხა, რომ მისი აზრით, ყოველი ადამიანის გამოკითხვა უნდა მოხდეს, ვისაც რელევანტური ინფორმაციის მოცემა შეუძლია.
„არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ყოფილი პროკურორი, მთავარია დადგინდეს საქმეზე ჭეშმარიტება. ჩვენს გუნდში არის მზაობა იმისა, რომ ყველა ადამიანი თანამდებობის მიუხედავად, თუ ის ფლობს რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას, მოვიდეს საგამოძიებო კომისიაში და გასცეს კითხვებს პასუხი”, – განაცხადა კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები