დონალდ ტრამპი: ანტი-ამერიკული პლაკატები ჩრდილოეთ კორეაში აღარ არსებობს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ანტი-ამერიკული პლაკატები, რომლებიც ჩრდილოეთ კორეის ქალაქების ქუჩებში იყო გაკრული, მას შემდეგ ჩამოხსნეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობაზე დონალდ ტრამპმა კაროლინას შტატში ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
„ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კარგი ურთიერთობა დაამყარა ფხენიანთან. მათ მთელი ქვეყნის მასშტაბით, ქუჩებში გაკრული ანტი-ამერიკული პლაკატები ჩამოხსნეს. მსგავს პლაკატებს უკვე ვეღარ ნახავთ ქუჩებში“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.
შეგახსენებთ, რომ ისტორიული შეხვედრა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის მიმდინარე წლის 12 ივნისს, სინგაპურში გაიმართა. მოლაპარაკებების შედეგად მხარეებმა ერთობლივ დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლის მიხედვითაც ფხენიანი ვალდებულია, ქვეყანაში დენუკლერიზაციის პროცესი განახორციელოს.