ვიეტნამში მეწყერმა და წყალდიდობამ 7 ადამიანი იმსხვერპლა
ვიეტნამში, კოკისპირული წვიმების შედეგად მომხდარი წყალდიდობისა და მეწყერის ჩამოწოლის შედეგად, 7 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 12 ადამიანი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. ამის შესახებ განცხადება ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახურმა გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ყველა უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანი მთიანი, ლაი ჩაუს პროვინციის მაცხოვრებელია. მეწყერის შედეგად სხვადასხვა სახის დაზიანებები 5-მა ადამიანმა მიიღო, რომლებიც საავადმყოფოში მოათავსეს.
ამორტიზებულია უამრავი საცხოვრებელი სახლი ისევე, როგორც პირველი და მეორე ხარისხოვანი გზები.
შეგახსენებთ, რომ ვიეტნამში არსებული კლიმატის გამო, ქვეყანა დატბორვების, ქარიშხლებისა და სხვა ბუნებრივი კატაკლიზმებისაკენ არის მიდრეკილი. ცნობილია, რომ გასულ წელს ბუნებრივი მოვლენების შედეგად, ვიეტნამში, 400-მდე ადამიანი დაიღუპა.