შორენა სიხარულიძე: იმ გაბოროტებულთა კასტას რა ეშველება, რომლისთვისაც არა თუ დაღუპული ბიჭების სახელების უკვდავსაყოფად გაკეთებული წარწერაა საქილიკო, არამედ მზეც კი ბნელია და უკუნი?!

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, შორენა სიხარულიძე სოციალური ქსელის facebook-ის საკუთარ გვერდზე, ელიას მთაზე ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ არტილერისტთათვის პატივის მისაგებად დადგმული ქვის შესახებ, წარწერით -” უკვდავებს მომაკვდავებისაგან”, რომელსაც საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, კომენტარს აქვეყნებს.

“დღეს არა ერთმა საინფორმაციო სააგენტომ, ინტერნეტ გამოცემამ, მასმედიის სხვა საშუალებებმა მოგვმართა იგივე კითხვით_ ვინ დადგა ელიას მთაზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებში დაღუპულ არტილერისტთათვის პატივის მისაგებად ქვის მემორიალი,რომელიც საზოგადოების განსჯის საგანი გახდა მასზე ამოტვიფრული წარწერის:” უკვდავებს მომაკვდავებისაგან” გამო. თუმცა, მხოლოდ განსჯას ვინ დაეძებს, საქილიკოდაც აიგდეს. ვინც შუა ხნისაა და ცოტა უმცროსიც, კარგად ახსოვს ელიაზე სამხედრო ნაწილები რომ იყო ჯერ კიდევ საბჭოეთის დროს. შემდეგ უკვე დამოუკიდებელი საქართველოს პერიოდში იქ ქართული საჯარისო შენაერთები,მათ შორის, არტილერისტები იდგნენ. ავადმოსაგონარ 90-იანების ომებს ძალიან ბევრი მათგანი, ისევე, როგორც იმ უბანში დაბადებული და გაზრდილი ”ღიმილის ბიჭი” შეეწირა. ჯერ კიდევ მაშინ, 90-იანებში დაიდგა იქ ამ დაღუპულთა სახელობაზე მემორიალი, ფოტოებით და გვარებით, რომელიც დროთა განმავლობაში, შეილახა. შემდგომ უკვე, ამ ორიოდ წლის წინ, ადგილობრივი ვეტერანების ინიციატივით და ისნის რაიონის გამგეობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმიწფო სამსახურის მხარდაჭერით, სწორედ იმ ადგილზე დაღუპულ არტილერისტთა სახელობის მემორიალური პარკი გაიხსნა, რომელსაც ხშირად სტუმრობენ იმ უბნელი ვეტერანები, ვისი თანამებრძოლებიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებს შეეწირნენ. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ და არც ერთ ქართველს არ უდებდნენ ტოლს საქართველოსთვის ბრძოლაში ( ეს მაშინ, როცა მავანი, დღეს რომ ამათ ნამოქმედარს აქილიკებს, ამათ ზიზღით უყურებდა და საქართველო მათ გარეშე უნდოდა!!!)… დიახ,მათ,იმ ბიჭებს არ ქონდათ პრეტენზია არც აკაკი შანიძეობაზე და არც აკადემიკოსობაზე! საქართველოს სიყვარული და თავდადება კი თავიანთი სისხლით დაამტკიცეს. სწორედ, აი, ამ თბილისელმა ვეტერანმა ბიჭებმა გადაწყვიტეს, თავიანთი ხარჯებით, თავიანთი ხელით დაედგათ იქ თანამებრძოლების სახელების უკვდავსაყოფად ეს ქვა და გუშინ ისე აიტანეს, არც ერთი სახელმწიფო უწყება არ გაუფრთხილებიათ..გულით გააკეთეს და ასე ფიქრობდნენ, თავიანთი წვლილი შეეტანათ თანამებრძოლთა სახელების უკვდავყოფაში…
იქ შემთხვევითი ადამიანი არ მოხვდებოდა და თქვენ, აი,თქვენ, ვინც იცოდით, რომ ამ ბიჭებს ეს ქვა იქ უნდა დაედგათ და ეს წარწერა წაიკითხეთ, იქვე გეთქვათ, შეგესწორებინათ ამ ადამიანებისთვის,ნაცვლად იმისა, რომ გაგექილიკებინათ და სასაცილოდ აგეგდოთ!
ის ქვა აიღეს, წარწერაც გადაკეთდება, გრამატიკული შეცდომებიც გასწორდება, მაგრამ აი, იმათ რა ეშველებათ, ვინც დღენიადაგ ჩასაფრებულია და საკბილოს ეძებს საქილიკოდ??? იმ გაბოროტებულთა კასტას და მოდგმას რა ეშველება, რომლისთვისაც არა თუ დაღუპული ბიჭების სახელების უკვდავსაყოფად გულით გაკეთებული წარწერაა საქილიკო,არამედ მზეც კი ბნელია და უკუნი?????
P.S. ”დიახ! უკვდავებს მომაკვდავებისაგან, სულს რომ ვღაფავთ და მაინც გვახსოვს ისინი, მათი სისხლი და მათი სული, ამიტომ არ გადავშენდებით!” პოსტი უკვე დაწერილი მქონდა, როცა ჟურნალისტმა Darejan Mepharishvili-მა აი, ეს კომენტარი დაგვიწერა! ძნელია, არ დაეთანხმო.”- წერს შორენა სიხარულიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები