ზუგდიდელი კრიმინალის „პაბეგი“, ანუ ნუ შეხვალთ კალიფორნიაში ველოსიპედით აუზში!

უსამართლობა მასში ყოველთვის იწვევდა შინაგან პროტესტს, რომელიც ჯერ კიდევ ბავშვობაში უბნის ,,მაგარ, მჩაგვრელ“ ბიჭებთან შეხებით დაიწყო. მოგვიანებით იურიდიული სფერო აირჩია. წინა მთავრობის დროს უკანონობა „სინდისის პატიმრობის“ სახით თავადაც იწვნია. დღეს კი უკვე მდიდარი საადვოკატო გამოცდილება აქვს. გავიცნოთ ლაშა სტურუას „პერსონა“.

– ვინც ამ სფეროს ირჩევს, მას ბავშვობიდან აქვს სამართლიანობის გრძნობა გამახვილებული, თქვენ შემთხვევაში თუ იყო ასე?
– მე თბილისში, ნაძალაევის რაიონში – „ნახალოვკაში“, დავიბადე და გავიზარდე. ჩემი ფსიქოტიპი 90-იანი წლების იმ საშინელ წლებში ყალიბდებოდა, რომლებიც ჩემს და ჩემზე უფროს თაობას კარგად გვახსოვს და ახლა ამაზე აღარ შევჩერდები. წლებში, როდესაც აღრეული იყო, თუ ვის მხარეს ან, საერთოდ, რა იყო სიმართლე და სამართალი და თითქმის შეუძლებელი გახლდათ ამ მხრივ სწორი ორიენტაცია. ეს იყო პერიოდი, როდესაც სამართალი იმის მხარეს იყო, ვისაც ჰქონდა ძალა და რის გამოც ხშირად უამრავი მართალი ადამიანი იჩაგრებოდა როგორც ყოფით ცხოვრებაში, ისე სახელმწიფო დონეზე, რაც ჩემში უდიდეს შინაგან პროტესტს იწვევდა და, რაც უკვე შემდგომ წლებში, სააკაშვილის მმართველობის ბოლო 5 წლის მანძილზე საკუთარ თავზეც ვიწვნიე პირადად 5- წლიანი უკანონო,“სინდისის პატიმრობის“ სახით… რაც სწორედაც რომ სამართლიანობისათვის პრინციპული პოზიციის დაცვას მოყვა, რომელიც, რაღა თქმა უნდა, ბავშვობის წლებში ჩამომიყალიბდა…
რაც შეეხება კონკრეტულ შემთხვევას, ასეთი საკმაოდ ბევრი იყო, მაგრამ, ახლა ერთ-ერთ მათგანს გავიხსენებ:
იყო ჩემს უბანში და სკოლაში ერთი ჩვენი თანატოლი, რომელსაც დღემუდამ ჩაგრავდნენ უბნის ბიჭები, რაც მეტად არ მომწონდა, მაგრამ დინების საწინააღმდეგოდ ნაბიჯის გადადგმა მეძნელებოდა, რადგანაც „მჩაგვრელები“ უბნის მაგარი ბიჭები გახლდნენ და მათთან დაპირისპირება ცოტა სარისკო გახლდათ… თუმცა შინაგანი პროტესტი ამ მოვლენასთან მიმართებაში, როგორც ჩანს, გაცილებით წონადი აღმოჩნდა და მაინც მომიწია მათთან გარკვეულმა უთანხმოებამ… საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. და მას შემდეგ, როგორც „მჩაგვრელები“, ისე „ჩაგრულიც“ დავმეგობრდით…
– ადვოკატი, მოსამართლე, პროკურორი ყველაზე ადვილად რომელი მათგანისთვისაა გაცილებით ადვილი სამართლის დადგენა აღდგენა?
– პროკურორი სამართალწარმოების პროცესში ის ფიგურაა, რომელზეც ხშირად დამოკიდებულია კონკრეტულ საქმეზე დამდგარი შედეგი, თუკი იგი თავის საქმიანობაში მიკერძოებული არაა და გამოძიებას ყოველმხრივ და ობიექტურად ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ბრალდების მხარეა, სულაც არაა აუცილებელი პირის დასჯა იყოს მისი მიზანი…
თითქმის ანალოგიური მიზანი უნდა ამოძრავებდეს ადვოკატსაც, ოღონდ საპირისპირო პოზიციიდან გამომდინარე, ხოლო მოსამართლე კი წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, კანონისა და შინაგანი რწმენის საფუძველზე გამამტყუნებელი, ან გამამართლებელი განაჩენით ადგენდეს სამართალს… ესაა კლასიკური შემთხვევა, სადაც ეს ტრიუმფატორი თანაბრად მონაწილეობს და რომელიმეს პრიორიტეტულად წარმოჩენა ალბათ არასწორი იქნებოდა…
– თქვენი იურიდიული პრაქტიკიდან გაიხსენეთ პროცესი, როცა ამაყი იყავით საკუთარი თავის გამო, და თემიდაც სამართლიანი იყო…
– ეს გახლდათ ერთ-ერთი ქალბატონის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმე, რომელსაც გამოძიება საკუთარი ქმრის სხეულის განძრახ დაზიანებას ედავებოდა და რომელსაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა… ამ ქალბატონმა აფექტურ მდგომარეობაში ქმრის უმსგავსო საქციელით აღშფოთებულმა დაჭრა იგი და მისი თავისუფლების აღკვეთის შემთხვევაში სამი არასრულწლოვანი შვილი უპატრონოდ რჩებოდა.
ახლა დეტალებზე აღარ შევჩერდები და მოკლედ გეტყვით, რომ ამ საქმეზე დადგა გამამართლებელი განაჩენი და დედა შვილებს დაუბრუნდა. ეს როგორც პროფესიული, ისე მორალურ – ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ჩემთვის ნამდვილად საამაყო საქმე გახლდათ.
– რა გზა გაიარეთ დღევანდელ სტატუსამდე?
– 1998 წელს ნ. ირბახის სახელობის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დავამთავრე – საერთაშორისო სამართლის იურისტის კვალიფიკაციით; 1999-2001 წლებში არასამთავრობო ორგანიზაცია “დამცველთა და ჟურნალისტთა ასოციაციაში” იურის-კონსულტის თანამდებობაზე ვმუშაობდი, 2002 წელს კი საადვოკატო სტაჟირება გავიარე “ახალგაზრდა დამცველთა ასოციაციაში” და სწორედ ამის მერე დავიწყე საადვოკატო პრაქტიკა.
ორი წლის მერე კი 2008 წლამდე ვმართავდი იურიდიულ ბიუროს “ლობის” და სხვა მოკლედ სულ ამ სფეროში ვარ დასაქმებული.
– გაიხსენეთ საქმე, რომელიც დაგამახსოვრდა, როგორც უჩვეულო შემთხვევა?..10338791_745962942101537_614248822_n
– ზუგდიდში ვიცავდი ყაჩაღობაში ბრალდებულს, რომლის მიმართაც გამოძიებას გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად ყველა მტკიცებულება ჰქონდა შეკრებილი. მიუხედავად ამისა, მე, როგორც ადვოკატი, ვცდილობდი, მისთვის სასამართლოს ნაკლები მსჯავრი დაედო. საკამათო სიტყვაში გამოსვლისას, როდესაც დაცვის პოზიციას ვაყალიბებდი, განსასჯელმა სიტყვა შემაწყვეტინა და მითხრა: „ლაშა, „ბრატ“, ნურც შენ იღლი თავს და ნურც ჩვენ დაგვღალეო. ამათ რაც გინდა მომისაჯონ, მე მაინც „პაბეგს“ ვაპირებო“…
წლების შემდეგ გავიგე, რომ მან თავისი სიტყვა შეასრულა და ქსნის კოლონიიდან ცნობილი გაქცევის დროს, მართლაც, დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულება…
– რა თვისებები უნდა ჰქონდეს კარგ იურისტს, რომ პიროვნებადაც დარჩეს?
– ჩემი აზრით, ნებისმიერი პროფესიის ადამიანი, იქნება ეს იურისტი, ჟურნალისტი თუ სხვა, პირველ როგში, უნდა იყოს ადამიანი და ამაზე დიდი პროფესია, ვფიქრობ, არც არსებობს, ხოლო თუ იგი, ამასთან ერთად, კარგი პროფესიონალიცაა, ეს ბედნიერი შემთხვევაა როგორც პირადად მისთვის, ისე ზოგადად საზოგადოებისთვისაც. რაც შეეხება კონკრეტულად იურისტს, მისი მთავარი თვისება თქვენ მიერ დასმული კითხვის კონტექსტში, უნდა იყოს ჰუმანურობისა და სამართლიანობის გათავისებული და გაცნობიერებული გრძნობა.
-ამერიკაში და ევროპაშიც არის ხოლმე აბსურდული, უჩვეულო (სასაცილო) კანონები. ერთი მახსოვს: ალიასკაში არის კანონი, რომელიც კრძალავს თვითმფრინავიდან ირმის გადმოგდებას. რომელი ასეთი კანონი გახსენდება უცხოეთსა და საქართველოში…
– დიახ, არის ასეთი კანონები. შეიძლება ბევრი მაგალითი მოიყვანოს კაცმა, მაგალითად, ტეხასში აკრძალულია ფეხზე დამდგარმა მიყოლებით დალიოთ სამი ყლუპი ლუდი, ფლორიდაში გათხოვილ ქალებს კვირაობით პარაშუტით ხტომა ეკრძლებათ, კალიფორნიაში აკრძალულია ველოსიპედით აუზში შესვლა, ბალტიმორში ხუთასდოლარიანი ჯარიმაა, თუკი თეატრში ლომთან ერთად მიხვალ. ეს, ერთი შეხედვით, ნამდვილად უჩვეულოდ და ნამდვილად სასაცილოდ გამოიყურება, თუმცა ცნობისათვის გეტყვით, რომ თითოეული მათგანის კანონად ქცევას კონკრეტული შემთხვევა უდევს საფუძვლად. ჩვენთან ასეთი ტიპის კანონები არ მახსენდება, თუმცა ერთ ტერმინზე კი შევაჩერებდი თქვენს ყურადღებას მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობიდან, კერძოდ, – „დასაბუთებული ვარაუდი“.
განსჯა თქვენი მკითხველისათვის მიმინდვია. როგორ გგონიათ, შეიძლება თუ არა ვარაუდი იყოს დასაბუთებული, ანდა რაც დასაბუთებულია, ამავე დროს, იყოს ვარაუდი?
– თუ უნდა იყოს იურისტი პოლიტიკაში?
– ვფიქრობ, რომ სასურველია პოლიტიკაში რაც შეიძლება მეტი იურისტი იყოს ჩართული, რადგანაც პოლიტიკა და განსაკუთრებით საპარლამენტო საქმიანობა, ძირითადად, კანონშემოქმედებით საქმიანობასთან არის დაკავშირებული. იურისტებისათვის, მათი პროფესიული უნარებიდან გამოდინარე, გაცილებით მარტივია ამ სფეროში ოპერირება, ვიდრე სხვებისათვის, თუმცაღა, ეს სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ კარგი იურისტი გარანტირებულად კარგი პოლიტიკოსი იქნება, რადგანაც ეს კიდევ ცალკე აღებული ნიჭია. და თუკი ეს ორი ნიჭი თავსებადია, მაშინ ვიღებთ კვალიფიციურ პოლიტიკოსს, რაც ჩვენში, სამწუხაროდ, არცთუ ისე ხშირად გვხვდება…
– ,,სიმართლეს რომ არ გადავეყაროთ, თავის მოტყუებაში დავოსტატდით”,- ეს სიტყვები თუ მართლდება ჩვენს შემთხვევაში?.
– ეს სიტყვები, ალბათ, ზოგადსაკაცობრიო ტკივილის გამომხატველია, უფრო გლობალური კონტექსტი გააჩნია და არ მგონია, რომ იგი მხოლოდ ლოკალურ, ქართულ პრობლემას წარმოადგენდეს… ასე ცხოვრობს სამყარო და მოგვწონს თუ არა ეს ჩვენ, მის პაწაწინა ნაწილს ჩვენც წარმოვადგენთ, რომლის თამაშის წესებსაც, ნებით თუ უნებლიედ, ჩვენც ვემორჩილებით…
თუმცა თუნდაც ინდივიდუალურად, დროდადრო, მაინც თუკი მოვახერხებთ და თვალს გავუსწორებთ სიმართლეს, თავს არ მოვიტყუებთ და მივიღებთ ისეთ რეალობას, როგორიც არის, ან თუკი შეგვწევს ძალა, შევეცდებით მისი უკეთესობისაკენ გარდაქმნას, გაცილებით უკეთესი იქნებოდა… თუმცა ეს ჩემი სუბიექტური აზრია და შესაძლოა, სხვა სხვაგვარად ფიქრობდეს და სწორედ თქვენს კითხვაში ჩამოყალიბებული სენტენციის ფარგლებში გრძნობდეს თავს გაცილებით კომფორტულად…
– სამართლის შესახებ რომელი ფორმულა, წესი, გამონათქვამი მოგწონს, რომლითაც თავად სარგებლობ?
– „არ იქნება სამართალი – არ იქნება მშვიდობა“; „სჯობს ათი უდანაშაულო იყოს დაუსჯელი, ვიდრე თუნდაც ერთი უდანაშაულო დასჯილი“.
– ,,ილაპარაკე ყოველთვის სიმართლე და არაფრის დამახსოვრება აღარ დაგჭირდება”. თუ ახერხებ ამას?
– ვცდილობ, თუმცა რამდენად გამომდის, არ ვიცი? ყოფით ცხოვრებაში ალბათ უფრო მეტად, თუმცა პროფესიული პრაქტიკის ფარგლებში, ზოგჯერ მიწევს გარკვეული საკითხების უბის წიგნაკში ჩანიშვნა, რათა არ დამავიწყდეს…
– შენი პიროვნული და არა პროფესიული მოსაზრებით: დაუწერელ (მორალურ-ადამიანურ) კანონებს თუ ითვალისწინებს ხოლმე იურისტი?
– იურისტიც ისეთივე ადამიანია, როგორც ნებისმიერი სხვა, მიუხედავად იმ მოსაზრებისა, რომ „ჩვენ ისე არ გვტკივა, როგორც ნორმალურ ადამიანებს“, მაგრამ იმ საზოგადოებაში არსებული ე.წ. „დაუწერელი მორალურ–ადამიანური კანონები“ სრულიად ბუნებრივია, რომ გავლენას იურისტებზეც, როგორც ამ საზოგადოების წევრებზე, ახდენს, თუმცა იურისტს და განსაკუთრებით ადვოკატს, ვთვლი, რომ უნდა შეეძლოს თუნდაც პოპულარული საზოგადოებრივი აზრის წინააღმდეგ წასვლა…
– სასამართლო პროცესი, რომელიც ამ სფეროში კლასიკურ ნიმუშად მიგაჩნია?
– ალბათ, ორიგინალური არ ვიქნები, თუ ვიტყვი, რომ ასეთ პროცესად მე, ისევე ალბათ, როგორც ჩემი უამრავი კოლეგა მსოფლიოში, ე.წ. ფარენგეიტის საქმეს მივიჩნევ, სადაც რეალურად გამოჩნდა თემიდას და მის მსახურთა ნამდვილი და იდეალურს მიახლოებული სახე…
– ზოგადად, ცხოვრებაში ქალები უფრო სამართლიანები არიან თუ მამაკაცები?
– ამ შემთხვევაში, მე გენდერული თანასწორობის პრინციპისაკენ ვიხრები და გეტყვით, რომ ეს გრძნობა, სქესის მიუხედავად, განვითარებულია, ზოგადად, ადამიანში, -ზოგში მეტად და ზოგშიც ნაკლებად.
– დაასრულე აზრი: მართალია ის, ვინც (ან ვისაც)…
– „მართალია ის – ვინც დაამტკიცებს თავის სიმართლეს!“ – ეს ჩემი, როგორც იურისტისა და ადვოკატის პასუხია, ხოლო ზოგად ადამიანურად ამ კითხვაზე პასუხი ბევრად მარტივია: – „მართალია ის, ვინც მართალია…“

თეონა გოგნიაშვილი

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები