დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სამინისტროების გაერთიანების საკითხზე, კონსულტაციები მიმდინარეობს

 

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს თქმით, პრემიერის პრეროგატივაა, საზოგადოებას მოახსენოს, რა ცვლილებები იგეგმება. როგორც მან აღნიშნა, სამინისტროების გაერთიანებაზე კონსულტაციები მიმდინარეობს.

„ძირითადად მოქმედი მთავრობა იქნება წარდგენილი, რომ შემდეგ პრემიერ-მინისტრს საშუალება მიეცეს, უკვე ახალი მთავრობა დააკომპლექტოს. რაც შეეხება სამინისტროების გაერთიანებებს, რა თქმა უნდა, კონსულტაციები მიმდინარეობს, თუმცა, ეს ცალსახად პრემიერის პრეროგატივაა, რომ მან მოახსენოს საზოგადოებას, კონკრეტულად რა ცვლილებები მოხდება და ამ ცვლილებების დადებითი მხარეები დაასაბუთოს“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტში დღეს მთავრობის წევრობის კანდიდატებს მოუსმენენ.

მინისტრობის კანდიდატების მოსმენის გრაფიკი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გუშინდელ სხდომაზე დამტკიცდა.

20 ივნისს კი, ქუთაისში გაიმართება პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებს. პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტს რიგგარეშე სხდომის მოწვევაზე მოთხოვნა უკვე გაუგზავნა.

ცნობისათვის, საქართველოს პარლამენტს ნდობის მისაღებად მთავრობის შემადგენლობა ოფიციალურად გუშინ წარედგინა.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ განაცხადა, მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები