ირაკლი კობახიძე: ოპოზიციას პირად საუბრებში ცვლილებების ორ ეტაპად ჩატარებაზე უკმაყოფილება არ გამოუხატავს

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ პირად საუბრებში ოპოზიციის წარმომადგენლებს სამთავრობო ცვლილებების ორ ეტაპად განხორციელებაზე უკმაყოფილება არ გამოუხატავთ. ამის შესახებ მან “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში განაცხადა.

კობახიძის განმარტებით, ოპოზიციამ ეს პროცედურები კარგად იცის და შესაბამისად, არც გაკვირვება გამოუხატავთ ამის შესახებ.

“თუმცა ოპოზიციის ბუნება, ამოცანა და მიზანი არის კრიტიკა და ისინი ამ საშუალებასაც იყენებენ იმისთვის, რომ კრიტიკის საბაბი გამონახონ. რეალურად პროცედურის ასე ჩატარებას არანაირი ალტერნატივა არ ჰქონდა, იმიტომ რომ სამართლებრივად ამ ორი პროცედურის ერთ პროცედურად ჩატარება შეუძლებელი იყო”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, მას ოპონენტების მხრიდან ალტერნატიული ვარიანტი არ მოუსმენია.

პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ “ქრონიკის” პირდაპირ ეთერში სამთავრობო ცვლილებების ორ ეტაპად განხორციელების სამართლებრივი მიზეზებიც განმარტა.

პარლამენტის ბიუროს დღეს მთავრობის შემადგენლობა წარედგინა. მთავრობისთვის ნდობის გამოცხადება 20 ივნისს იგეგმება.

დღეს საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ თქვა, რომ რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს. ახალი სტრუქტურა პარლამენტს, სავარაუდოდ, 2-3 კვირაში წარედგინება.

მამუკა ბახტაძე 14 ივნისს ქართულმა ოცნებამ პრემიერმინისტრობის კანდიდატად დაასახელა. გიორგი კვირიკაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა 12 ივნისს დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები