სასტუმროს სპა-ცენტრში ფოცხვერის ბოკვერი იპოვეს
აშშ-ის არიზონას შტატის სკოტდეილის კურორტის სასტუმრო ”ვალდორფ ასტორიას” სპა-ცენტრის კედელში ფოცხვერის ბოკვერი იპოვეს. სასტუმროს მენეჯერის ენ პატონის განცხადებით, მას მიმართეს თანამშრომლებმა, რომლებსაც ცენტრის კედლების მიღმა უცნაური ხმა შემოესმათ. სასტუმროს პერსონალმა ინჟინერი გამოიძახა, მან კედლის ნაწილი გამოანგრია და ცარიელ სივრცეში უსუსური არსება აღმოაჩინა. სასტუმროს მენეჯერის თქმით, მისთვის გაუგებარია საიდან მოხვდა დაახლოებით 7 კვირის გარეული ცხოველი კედელში. იგი ვარაუდობს, რომ ძუ ფოცხვერმა ბოკვერები სახურავზე გააჩინა, სავენტილაციო ხვრელიდან კი ერთ-ერთი კედელში ჩავარდა.
ველური ბუნების დაცვის ორგანიზაციის სპეციალისტმა კიმ კარმა პატონს და მის თანამშრომლებს პატარა არსების გადარჩენისთვის მადლობა გადაუხადა. პატონის თქმით, სასტუმროს პერსონალი ბოკვერს 4 საათში ერთხელ გამოკვებავს მანამ, ვიდრე იგი მოძლიერდება. შემდეგ მას ბუნებრივ არეალში დააბრუნებენ.