მზიანი დღე ერეკლეს გალავანთან… – თვითნასწავლი მხატვარი თელავიდან, ფერთა ულამაზესი გამით

კისისხევში დაიბადა და გაიზარდა. დედა ულამაზეს ნაქარგობებს ქმნიდა.  თავადაც  ხატავდა ბავშვობიდან. ამბობს, რომ მისგან დაჰყვა ხელოვნების სიყვარული.
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ამჟამად იუსტიციის სახლის სამოქალაქო რეესტრის განყოფილებაში  მუშაობს.
ამბობს, რომ სამსახური და ოჯახი  ხატვისთვის და ქარგვისთვის დროს არასდროს უტოვებდა. მას შემდეგ კი, რაც შვილები წამოიზარდნენ, საყვარელ საქმეს მიუბრუნდა.
ახლახან, არასამთავრობო ორგანიზაციის „თელავი ჩემი ქალაქია“ ორგანიზებით თელავში, ვახვახიშვილების კოშკში გამოიფინა მისი ნამუშევრები. – თვითნასწავლი მხატვრის, ელზა თუშაბრამიშვილის პერსონა.

 – თელავზე მოამაგე ქალბატონმა და პოეტმა მარიამ კოზმანიშვილმა რუბრიკით – „იცნობდეთ და გიყვარდეთ“  თქვენი გამოფენის ამსახველი მასალები გამოაქვეყნა…

შვილები

თელავში, ვახვახიშვილების კოშკში ერთი კვირის წინ გაიმართა გამოფენა. მადლობა მათ ჩემი შემოქმედებით დაინტერესებისთვის. ნაკლებად ცნობილი ადამიანების ხელოვნების ნიმუშებს გამოიფინა, ვინც ჩუმად მუშაობს და  საკუთარ თავს რეკლამას არ უკეთებს.
გამოფენის მასალები დაიდო ფეისბუქგვერდზე – „თელავი ჩემი ქალაქია“.
– კისისხევის სკოლა დაამთავრეთ… ამჟამად თელავში ცხოვრობთ…
– კისისხევის სკოლა დავამთავრე, შემდეგ – თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. სწავლაში აქტიური ვიყავი, წარჩინებით დავამთავრე სკოლაც და ინსტიტუტიც.
დედა განთქმული იყო ხელსაქმით.  გადასარევად ქარგავდა. საკერავი ნემსით აკეთებდა უმშვენიერეს მაქმანებს.  სწორედ დედისგან გამომყვა ხატვის სიყვარული. ბავშვობიდან სულ ვხატავდი, მაგრამ რასაც ვხატავდი, არ შემინახავს.
მთელი ცხოვრება ვმუშაობ თელავის იუსტიციის სახლის სამოქალაქო რეესტრის განყოფილებაში, ადრე საპასპორტო ერქვა. რაც შვილები გაიზარდნენ, დრო მომეცა, რომ საყვარელ საქმეს მივბრუნებოდი.
რამდენი წლისამ განაახლეთ ხატვა?
 ქარგვა დაახლოებით 40 წლის ასაკიდან  დავიწყე და ბოლო წლებია, სულ ვხატავ. 55 წლის ვარ,  შვილები დავაბინავე და როგორც იქნა, მოვიცალე საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის.
– ფეისბუქზე გაქვთ გვერდი – „ელზა არტი“.  რა გჭირდებათ შთაგონებისთვის?

მეუღლესთან ერთად

ფერები უკვე თავისთავად შთაგონებას მიღვიძებს. ნებისმიერ ფერს რომ ვხედავ, საერთოდ – ფერთა გამას, დადებითი იმპულსები მოდის. უკვე ვიცი, რაც უნდა გავაკეთო იმ ფერებით.
ფერები მაგიჟებს, ფერადი ძაფების გაშლა და დახედვაც კი, ჩემთვის დიდი სიამოვნებაა. მხიარული ფერები უფრო მიყვარს, ისინი სიცოცხლესთან ასოცირდება. ნებისმიერი ფერი თავისებურად მიყვარს.
– პეიზაჟებს, ყვავილებს, პორტრეტებს  ხატავთ… დროს როგორ პოულობთ?
– პორტრეტს ცოტა მეტი დრო და ჩაღრმავება სჭირდება, რადგან ხასიათის გათავისებაა მთავარი. მე ძალიან დატვირთულ რეჟიმში ვმუშაობ სამსახურის გამო, თანაც ყველაფერი თანხებთან, დროსთან არის დაკავშირებული. ამიტომ ამ მხრივ ცოტა პრობლემები მექმნება. შთაგონება, აზრები და იდეები კი  მრავლად არის.
სამუშაო დღეებში გამორიცხულია ხატვა და ქარგვა. უფრო შაბათ-კვირას და დასვენების დღეებში ვხატავ. ვცდილობ, დრო ისე გავანაწილო სამსახურსა და ოჯახში, რომ ხატვის პროცესი ნაყოფიერი იყოს.
ქარგვა სამუშაო დღეებშიც შეიძლება, მაგრამ ხატვას ცოტა სხვანაირი ჩაჯდომა უნდა.

ანასტასიას პორტრეტი

– ოჯახი, შვილები…
– ორი გოგონა მყავს – სოფო და ნონა, ნონას მხრიდან  შვილიშვილები – 17 წლის ოთარი და  9 წლის ანასტასია გვეზრდებიან. უჭკვიანესი ბავშვები არიან, ანასტასის ხატვით დაინტერესდა. მე რომ მიყურებს, ყველაფერი კარგად გამოსდის.  ორივე შვილი  იუსტიციის სახლში, ოღონდ სხვადასხვა სფეროში მუშაობს.
თელავში ვცხოვრობ, აქ დავოჯახდი, მეუღლე ტარიელ ხუციშვილი მანქანების ხელოსანია.  დიდი სიყვარულით მიდგას გვერდით. ყველანაირად ხელს მიწყობს.
– ხატვის პროცესი…
– ჩვენი სტრესებისა და სამსახურის ნერვული გარემოს შემდეგ, ხატვა ჩემთვის ძალიან დიდი პოზიტივია. ისეთი, „ნარკოტიკი“ რომ მიიღო… მადლობა უფალს,  შემაძლებინა და საყვარელ საქმესთან განმარტოების საშუალება მაქვს.
ნებისმიერ რამეს ვხატავ და ვქარგავ, მთავარია, უცებ მომეწონოს და… შეიძლება უცებ ფერმა მიმიზიდოს და… ყურძენი დავხატო.
– ამჟამად რაზე მუშაობთ?
– ჩემმა ანასტასიამ ტელეფონით თელავის ხედები გადაიღო და მითხრა, ბებო, ესენი მომწონსო… მეც მომეწონა და დავხატე.
უზომოდ მიყვარს ჩემი ქალაქი. შეიძლება რაღაც შტრიხმა შთაგონებისთვის განმაწყოს. მაგალითად, წვიმიანი თელავის დახატვა მომინდეს.

შვილიშვილები

ბოლოს ერეკლეს გალავანი რომ დავხატე, ძალიან მზიანი და კაშკაშა დღე იყო და ეს მომეწონა. ლამაზი ჩრდილები ძალიან მომხიბლავად ჩანდა გალავნის ფონზე. ნამუშევარს დავარქვი „მზიანი დღე თელავში“.  ცხელი და მზიანი აპრილი გვქონდა…
რაც შეეხება პორტრეტებს, იქ ადამიანის სული უნდა ჩადო, ამიტომ უფრო მეტ ჩაღრმავებას მოითხოვს და სიფრთხილით ვეკიდები.
ახლა სანემსეების ქარგვა დავიწყე. მრავალფეროვანი სანემსეებია.
სამომავლოდ რას გეგმავთ?
– ისეთ სიამოვნებას მგვრის ამ ყველაფრის კეთება, რომ ამისიც ვემადლიერები უფალს. ხომ იცით, როგორი ხელფასებია და ოჯახის რჩენაზე ვართ გადასულები. ამას წინათ ბრიტანეთში წაიღეს ჩემი ნამუშევრები. ძალიან მოეწონათ. თუ დაინტერესება იქნება და შეიძენენ, მადლობის მეტი რა მეთქმის…

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები