ქართველი, რომლის დამზადებულ ჯვარშიც მაცხოვრის ჯვრის ნაწილებია ჩასვენებული, ანუ რა დაემართა ხელოვანს წმინდა ჯვრის ნაწილებზე შეხებისას?

თამაზ გოზალიშვილი,- ჭედური ხელოვნების დიდოსტატი, – გარკვეული ხანი ის კვიპროსში ცხოვრობდა. მისი ნამუშევრებიდან აღსანიშნავია: სტავროვუნის მონასტრისთვის დამზადებული ვერცხლის ჯვარი ოქროთი, სადაც ჩასვენებულია მაცხოვრის ჯვრის ნაწილი, მისი რამდენიმე ნამუშევარი გერმანიის კანცლერისა და აშშ-ის პრეზიდენტის კერძო კოლექციაშია. მან ასევე დაამზადა მახერას ღვთისმშობლის ხატის პერანგი და ჯვრები მახერას ეკლესიის, კიკოს მონასტრის მუზეუმისა და ნიკოსის საკათედრო ტაძრისთვის.
ნიჭიერი ხელოვანი ვირტუალურ სამყაროს საერთოდ არ ცნობს, ამიტომ ინტერნეტში მასზე ძალიან მწირი ინფორმაციაა. მისი ნამუშევრები 58 ქვეყანაში იყო ექსპონირებული. კვიპროსში, პარიზსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მისი პერსონალური გამოფენები მოეწყო. კვიპროსზე დამზადებული მისი ოთხი ნამუშევარი იუნესკოს ფონდში შევიდა.

-ბატონო თამაზ, გავიგე, რომ ჭედურობით ბავშვობიდანვე დაინტერესდით…
– მე თბილისის 41- ე რუსული სკოლა დავამთავრე. შრომის მასწავლებელი გვყავდა, ომარი ერქვა, პირველად ჭედურობა მან შემასწავლა. მახსოვს მისი ნივთი, რომელზეც ეკლესია იყო გამოსახული,- სამასწავლებლოში ამოიტანა და კოლეგებს აჩვენა, მის მიმართ არანაირი ინტერესი არ გამოუხატავთ. მე კი აღტაცებული ვიყავი და გული დამწყდა, რომ ასეთი ნახელავი უყურადღებოდ დარჩა.974347_745500422147789_1502577606_n

მახსოვს, მასთან მივედი და აღფრთოვანება გამოვხატე, თან ვთხოვე, რომ ჭედურობა ჩემთვისაც ესწავლებინა. შევატყვე, ესიამოვნა და დამპირდა, რომ მასწავლიდა. გაკვეთილების მერე, მართლაც, მივედი მასთან და მან მაჩვენა, როგორ კეთდებოდა ჭედურობა. პირველი მცდელობისთანავე გამომივიდა. მას მერე სულ ამ საქმით ვარ გატაცებული და დაკავებული.
– დღეს საქართველოში თქვენს გარდა ამ ხელობის სხვა ოსტატი თუ გვყავს?
– ასეთი ხელოვნება,- ჭედურობით შექმნილი ნივთების გაკეთება მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია. დღესდღეობით ჭედურობის სამი ოსტატი გვყავს: ბიძინა ბიძინაშვილი, ბორის ბაბაიანი და მე… ახალი თაობიდან მისი სწავლა, სამწუხაროდ, არავის უნდა… 2003 წელს მე გამოფენა მქონდა საფრანგეთში, მაშინ იქ ჩვენი ელჩი გოჩა ჩოგოვაძე იყო. სწორედ მისი დახმარებით ჩატარდა ის გამოფენა. წესით ლუვრში უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოხერხდა. რომ არ ჩაშლილიყო, დღეს საქართველო გაცილებით პოპულარული ქვეყანა იქნებოდა. აქედან წასული ყველაზე ძლიერი ოსტატი კი გურამ ბერუჩაშვილი იყო. ის გერმანიაში ცხოვრობს, ჭედურობას თავი დაანება და ფერწერაში გადავიდა იმიტომ, რომ აქ უფრო იშოვება ფული და თან ფერწერა ჭედურობაზე იოლი საქმეა.
ჭედურობა ძალიან რთულია, მას ყველა ნახატი არ უხდება, მისთვის სპეციალურად იხატება რაიმე და რაც უფრო ამობურცულია, უფრო რთულად კეთდება.
– თქვენ მიერ გაკეთებულ ნივთზე ამბობთ, რომ მათ გარკვეული დადებითი ენერგეტიკა აქვთ…
– ნებისმიერი ნივთი სიყვარულით უნდა შეიქმნას. დედაჩემი 90 წლის იყო, როცა სავარძელში, შუა ოთახში დაჯდებოდა და ჩემს ნამუშევრებს უყურებდა, თავისებურად იმუხტებოდა. მერე ენერგია ისე ემატებოდა, რომ სავარძლიდან დგებოდა და კიბეებზე ჩამორბოდა. კედელზე რომ ჩამოკიდებთ ამ ნამუშევარს, დაახლოებით რადიოტალღის მსგავსი ეფექტი ექნება. როცა მუზეუმში შედიხართ, კუთხეში თუ არის ასეთი ნივთი, მისი ,,გამოსხივება“ გიზიდავთ და ამიტომაც თქვენზე დადებით ზეგავლენას ახდენს.
თქვენ კვიპროსში ცხოვრობდით და ადგილობრივი ეკლესიისთვის საეკლესიო ნივთები და 4 ჯვარი დაამზადეთ.10371260_745501565481008_1717393348_o
-კვიპროსში ყველაზე განთქმული 3 მონასტრისთვის საეკლესიო ნივთები დავამზადე. საკათედრო ეკლესიისთვის ღვთისმშობლის ხატის ავტორიც მე ვარ. კვიპროსში ერთი მონასტერი ლუკა მოციქულის მიერ დახატულ ხატს ფლობს, მეორე კი წმინდა ელენეს მიერ აღმოჩენილ პირველად მოჭრილ წმინდა ჯვრის ნაწილებს. იმ ადგილას, სადაც ჯვრის ნაწილი დაასვენეს,- ეკლესია ააშენეს. ამის გამო ამ მონასტერს ჯვრის, ანუ ბერძნულად სტავროვუნის ეკლესიას უწოდებენ. მოხერას მონასტრის 850 წლისთავზე, როცა ლუკა მოციქულის მიერ შესრულებული ღვთისმშობლის ხატის პერანგი მოვჭედე, მოხერას მონასტრის წინამძღარმა არსენიოსმა ჩემი ნამუშევრების პერსონალური გამოფენის გახსნაზე, რომელსაც მთელი კვიპროსის საზოგადოება დაესწრო, დიდი ოქროს მედლით დამაჯილდოვა. ის ოქროს მედალიც მე გავაკეთე. მასზე ერთ მხარეს ღვთისმშობლის ხატია გამოსახული, მეორე მხარეს – მონასტერი. მედალი 8 სანტიმეტრისაა და ის მოოქროვილი ვერცხლია. მერე უფრო მცირე ზომის მედელებიც შემიკვეთეს.
– როცა წმინდა ნივთს შეეხეთ, რაიმე უჩვეულო შეგრძნება არ გაგჩენიათ?
– თქვენ წარმოიდგინეთ, ასეც იყო, როცა ჩემ მიერ გაკეთებულ ჯვარში მოთავსებულ წმინდა ჯვრის ნაწილებს შევეხე, უცებ, დაახლოებით ისე, როგორც თერმომეტრის ვერცხლის წყალი ფართოვდება ზედმეტი სიცხისგან,- მეც ისე დამემართა. რაღაც ძალა, ენერგია უცებ გულამდე ამოვიდა, როცა შევკრთი, ჩემს მეგობარს ვთხოვე, რომ მეორედაც ეცადა, აეღო ჯვრის ნაწილი და ისევ დაედო ჩემს მარცხენა ხელზე, მეორედაც ზუსტად იგივე ვიგრენი, ანუ არ მომჩვენებია. მესამედ კი უკვე მეუხერხულა… ეს ხომ შეუფასებელი ნივთია,- სიწმინდე, რომელიც მთელ საქრისტიანოს მსოფლიოს ეკუთვნის.
– რამდენადაც ვიცი, კიკოს მონასტრის მუზეუმში არსებულ ეკლესიაში სხვა ქართველების ნამუშევრებიცაა…10335694_745500925481072_893144780_n
– კვიპროსში არის კიკოს მონასტერი, რომელსაც განსაცვიფრებელი მუზეუმი აქვს. იქ აურაცხელი მოოქროვილი ნივთი და სიმდიდრეა, სიწმინდეებია გამოფენილი. ჩემ მიერ დამზადებულ ვერცხლის ჯვარს იქ ერთი ოთახი დაეთმო. ჯვარი ზომით მეტრი და 80 სანტიმეტრია. აი, სწორედ ამ მუზეუმშია ლუკა მოციქულის მიერ დახატული ხატი, რომელსაც დიდი ხანი ეფარა დარეჯან დედოფლის, ანუ ერეკლე მეორის მეუღლის მიერ ოქროს ძაფებით მოქარგული საფარი, მერე როცა ახალი საფარი დაამზადეს, დარეჯან დედოფლის მოქარგული მუზეუმში გადაასვენეს. ამ მუზეუმს წელიწადში 3 მილიონი დამთვალიერებელი ჰყავს.
– ცნობილია, რომ პატრიარქი მნიშვნელოვან რელიგიურ დღესასწაულებზე მსვლელობებს სწორედ თქვენ მიერ დამზადებული ჯვრით ატარებს?
– საქმე ისაა, რომ 1979 წელს პატრიარქმა მეოცე საუკუნის უდიდესი გრაფიკოსის კოტე ჭელიძის ესკიზით სპინლენძის ჯვარი დამამზადებინა. იგი სიონის ეკლესიაშია და პატრიარქი წელიწადში 4 -ჯერ საეკლესიო მსვლელობებს ამ ჯვრით ატარებს.
– იგრძნობა, რომ ჯიუტი ხასიათი გაქვთ…
-ასეცაა, რადგან სხვანაირად არ გამოვა. როცა მუშაობ, ათასი ადამიანი ეცდება, რომ საკუთარი აზრი თავზე მოგახვიოს, მაგრამ შენ მტკიცედ უნდა იდგე შენს გზაზე და ის გააკეთო,- რასაც ღმერთი გკარნახობს. ხალხს ჰგონია, რომ ეს სიჯიუტეა, არადა, ეს ხასიათის სიმტკიცის ნიშანია და ხელოვანს კარგად ახასიათებს. ნებისმიერი საქმე, როცა ზღვარს გადასცდება, ანუ გარკვეული ნიშნულის მაღლა ავა, -უკვე ხელოვნებაა, თუ ზღვარს დაბლა ჩამოვა – მაშინ ხელობაა. რაშია იცით, საქმე? ყველაფერი ადამიანის ნიჭზე, უნარსა და შრომისმოყვარეობაზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, ნიჭიერი ზარმაცი ადამიანი არ არსებობს, ნიჭიერი თუ არის, არაფრით ზარმაცი არ იქნება. ეს უბრალოდ ვიღაცის უნიჭობის გამართლებაა, რადგან ნიჭის ჭია უფლებას არ მოგცემს, პასიურად გაჩერდე…

თეონა გოგნიაშვილი

10343881_745501325481032_475813109_o

10357968_745512655479899_2047816298_n

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები