გიორგი კვირიკაშვილი: უკანასკნელი 100 წელიც არ ყოფილა საქართველოსთვის იოლი

უკანასკნელი 100 წელიც არ ყოფილა საქართველოსთვის იოლი

სავსე იყო გამოწვევებით, თავისუფლებისთვის ბრძოლით, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მრგვალ მაგიდაზე „თანამშრომლობა კეთილღეობისათვის – მომავალი ასწლეულის სტრატეგია“ სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, საქართველომ უდიდესი მსხვერპლის ფასად შეძლო, 1991 წლის 31 მარტს აღედგინა დამოუკიდებლობა და შემდგომ უკვე 26 მაისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში, დამტკიცდა, რომ საქართველოს სრულიად ახალი ტრაექტორია, რომელიც ევროპასა და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტგრაციას გულისმხობს.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მეხსიერებაში არაერთი ბრძოლაა შემორჩენილი, თუმცა განსაკუთრებული იყო 1918 წლის 26 მაისი, როდესაც 100 წლის წინ საქართველოს პირველი დემომკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანია მის გამოსვლაში აღნიშნავდა:

„აქტი 26 მაისისა არ ყოფილა აქტი შემთხვევითი, აქტი უცაბედითი, აქტი მოგონილი რომელიმე პირის, ჯგუფის, ან პარტიის მიერ. არა, ბატონებო, ეს აქტი იყო ისტორიულ აუცილებლობისა და ხალხის გულიდან ამოხეთქილი. ამ აქტით საქართველო გადაურჩა განადგურებას… დღეს ჩვენ შეგვიძლიან შევიდეთ ევროპულ ხალხთა ოჯახში პირდაპირ სრულიად უშუამავლოდ. დღეს ჩვენ უკვე ამ გზაზე ვართ. ჩვენ ჩვენის ნებით არ გადაუხვევთ“. ძალიან მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი სიტყვებია ჭეშმარიტად, რომელიც ჯერ კიდევ მაშინ, 100 წლის წინ გამოხატავდა საქართველოს ევროპულ მისწრაფებას და ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ საქართველომ იმ სამი წლის განმავლობაში შეძლო, მიეღო ჭეშმარიტად ევროპული, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებული კონსტიტუცია, დაეფუძნებინა პარლამენტი რომელიც სქესის, ეროვნების, სარწმუნოებისა და სოციალური მდგომარეობის მიუხედავად, აძლევდა უნივერსალურ საარჩევნო ხმას ყველა მოქალაქეს, რომლის საფუძველზე შედგა პირველი პარლამენტი და ასევე, თავის საზღვრებში თანაბრად უზრუნველყოფდა ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს. მაშინ ქართულმა საზოგადოებამ ჰარმონიულად შეისისხლხორცა ევროპული დემოკრატიული ფასეულობები და მრავალწლიანი საბჭოთა ოკუპაციის მიუხედავად, ამ ღირებულებების გამტარებელი დარჩა. დღესაც საქართველო ევროპული ფასეულობების ერთგულია”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, დემოკრატიის კონსოლიდაციის, ადამიანის უფლებათა დაცვის, კანონის უზენაესობის, კარგი მმართველობის, გამჭვირვალობისა თუ ეკონომიკური რეფორმების კუთხით საქართველო დღეს ლიდერი გახლავთ აღმოსავლეთ პარტნიორობის ოჯახში.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა აგრძელებს სვლას საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზნების მისაღწევად, რასაც საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია.

„ეს მიზნები გახდა ქვეყნის რეალური ტრანსფორმაციის საფუძველი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესმა ხელიშეუწყო თითქმის ყველა სფეროს განვითარებას და შესაბამისად, ეს აღარ არის მხოლოდ ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები, ამ პრიორიტეტებმა მთლიანად განსაზღვრა იმ რეფორმების ბუნება რომლებსაც დღეს ჩვენი ქვეყანა ასე ინტენსიურად ახორციელებს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ პირობებში, როდესაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გამოწვევა არსებობს, 21-ე საუკუნის საერთაშორისო დღის წესრიგის მთავარ საკითხებად იქცა გლობალური უსაფრთხოება, ტერორიზმთან ბრძოლა და არაერთი გამოწვევა, მათ შორის ჩვენს რეგიონში. საქართველო არის მსოფლიოს ცივილიზებული თანამეგობრობის ღირსეული წევრი ამ გამოწვევებთან ბრძოლაში”, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები