გრიგორი კარასინი: საქართველოსთან თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, გრიგორი კარასინის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია შეასრულოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და სასაქონლო ვაჭრობის მონიტორინგის მექანიზმებთან დაკავშირებული ძირითადი პრინციპების შესახებ”, შეთანხმების პირობები, რომელსაც ხელი 2011 წელს მოეწერა.
ამის შესახებ გრიგორი კარასინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან არაფორმალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„დღეს, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანა გადავწყვიტეთ და თანამშრომლობას კიდევ უფრო გავაღრმავებთ. დაინტერესებულები ვართ, რომ 2011 წელს ხელმოწერილი შეთანხმების პირობები შევასრულოთ“, – აღნიშნა გრიგორი კარასინმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ არც პრაღის და არც ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატში არ მომხდარა აფხაზეთსა და საქართველოს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა.
რუსეთის საგარეო უწყების მეორე პირმა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების შესაძლო შეხვედრის თაობაზეც ისაუბრა.
„ასეთი მაღალი დონის შეხვედრა, სერიოზული პოლიტიკური მოვლენა იქნება. დღევანდელი შეხვედრით ჩვენ ამისათვის გარკვეულ საფუძველსაც ვამზადებთ. თუმცა, ეს ყველაფერი ამ ეტაპზე ჰიპოთეტურია“, – აღნიშნა კარასინმა.
ცნობისათვის, მიმდინარე წლის 16 მაისს, საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განცხადება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ოცნებობს იმ დროზე, როდესაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან შეხვედრას შეძლებს.