გიორგი ჯინჭარაძე: დევნილებისთვის ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა აფხაზეთის მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით, სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გლდანის ფილიალში, აფხაზეთიდან დევნილ პირებს უფასო მრავალპროფილური სკრინინგული გამოკვლევები ჩაუტარდათ, სადაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის ახალდანიშნულ მინისტრ ბესიკ კუსიდისთან ერთად იმყოფებოდა, – ამის შესახებ ინფორმაციას, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.
მათივე ცნობით, დევნილ ბენეფიციარებს შესაძლებლობა ჰქონდათ 10-მდე სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციურ ექიმთან კონსულტაცია გაევლოთ და სხვადასხვა დიაგნოსტიკური კვლევები სრულიად უფასოდ ჩაეტარებინათ.
ვიზიტის ფარგლებში, მთავრობის თავმჯდომარე სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელობას და მედპერსონალს შეხვდა.
„აფხაზეთის მთავრობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა ისეთ ტერიტორიულ ერთეულებში, სადაც დევნილი მოსახლეობის სიმჭიდროვე მაღალია. სწორედ ამიტომ, სამინისტრო სისტემატურად ახორციელებს უფასო სკრინინგულ გამოკვლევებს, რათა თითოეულ დევნილს მიეცეს შესაძლებლობა დროულად მიიღოს საჭირო სამედიცინო დახმარება.“ – განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.
შეხვედრაში ასევე აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე მანონა გეჯუა და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია მონაწილეობდნენ.
მსგავსი აქტივობები და ვიზიტები სამედიცინო ცენტრის ფილიალებში მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება.