განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ახალგაზრდობის დღესთან დაკავშირდებით ახალი საგრანტო კონკურსი გამოცხადდა
ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს – „ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერება“ აცხადებს, – ინფორმაციას, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
„კონკურსი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ცხადდება და მიზანს ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა წარმოადგენს, რაც არაფორმალური განათლების გზით, ორგანიზაციულ გაძლიერებას გულისხმობს.
საგრანტო პროექტი შედგენილი უნდა იყოს შემდეგი თემატური პრიორიტეტების გათვალისწინებით:
ახალგაზრდების საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის წახალისება და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გაძლიერება, მათ შორის, მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობა;
კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და ინტერკულტურული დიალოგის გზით, სამშვიდობო უნარების ხელშეწყობა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის წახალისება;
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერების ხელშეწყობა;
ნაკლები შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების მხარდაჭერა და ინკლუზია, მათ ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული ინიციატივების განხორციელება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ან მის მიმდებარედ მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდული სერვისების შექმნა და განხორციელება;
არაფორმალური განათლებისა და ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ახალგაზრდული საქმიანობის განხორციელება;
ახალგაზრდების ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის, მეწარმეობის შესახებ ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდებში სოციალური და დასაქმების უნარების გაძლიერების ხელშეწყობა;
„მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის“ ფარგლებში, ახალგაზრდებში მნიშვნელოვანი კომპეტენციების განვითარება, განსაკუთრებით ციფრული და ტექნოლოგიური მიმართულებებით.
ახალგაზრდების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ხელშეწყობა და გარემოს დაცვა, მათ შორის, ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის, ქიმიური და ქცევითი დამოკიდებულებების შემცირებისა და ძალადობის პრევენციის, ბავშვთა/ადრეული ქორწინების და მოზარდთა ორსულობის წინააღმდეგ ბრძოლის გზით.
აგრეთვე, მედია და ციფრული წიგნიერებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ორგანიზაციას, რომლის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ახალგაზრდების განვითარებასთან დაკავშირებული საკითხები.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 400 000 ლარი. მაქსიმალური თანხის მოცულობა, რომლის მოთხოვნაც შესაძლებელია ერთი საგრანტო პროექტის დასაფინანსებლად შეადგენს 50 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2025 წლის 12 აგვისტოდან, 2025 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – grants-1@youthagency.gov.ge.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.