მიხეილ სააკაშვილი გიორგი გაბუნიას – „ეს იყო შეცდომა და მოვითხოვთ საჯარო ბოდიშს!“

0

“ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება” – აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას ურჩევს საზოგადოებას ბოდიში მოუხადოს.

მიხეილ სააკაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნია კარგი ჟურნალისტია, თუმცა მისი ბოლოდროინდელი გამოსვლა დიდი შეცდომა იყო.

„გიორგი გაბუნია არის ძალიან კარგი ჟურნალისტი, მაგრამ ამ ბოლო დღეებში, მისი გამოსვლა, სხვა არაფერი იყო, თუ არა დიდი შეცდომა და ჩავარდნა.
ყველას უნდა ესმოდეს, რომ ზღვარგადასული არ ვარგა არაფერი. ღვთისმშობლის აგდებულად მოხსენება შეურაცხყოფს ყველა მორწმუნე ქრისტიანის გრძნობებს, ისევე როგორც საკუთარი დედის აუგად მოხსენიება. პირადად ჩემთვის, ეს იყო ძალიან უსიამოვნო სანახავი.
ვთხოვ ყველას, გავუფრთხილდეთ ერთმანეთის გრძნობებს და თავი შევიკავოთ უაზრო წყენის მიყენებისგან და როდესაც ასეთი რამ ხდება, ჩვენ გვაქვს უფლება მოვითხოვოთ საჯარო ბოდიში! ამავე დროს, მიუღებელია ამ თემის, ერთი ჟურნალისტიდან, მთლიანად რუსთავი ორზე განვრცობა და მთელს ტელევიზიაზე აგრესიის გადატანა, რაც პირდაპირ შედის ქართველი ხალხისა და საქართველოს ეკლესიის მტრის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესებში!“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ცნობისათვის, ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ გადაცემა „არჩევანში“ მხატვარ ლია უკლებას ნახატზე „თვითმკვლელი ღვთისმშობელის” შესახებ საკუთარი პოზიცია დააფიქსირა.

„არჩევანში“ სტუმრებთან ერთად შეამჩნევდით, რომ კიდევ ერთი უცნაური სტუმარი გვყავს, ეს არის მარიამი სათამაშო პისტოლეტით, რომელიც ცნობილია „თვითმკვლელი ღვთისმშობლის“ სახელით, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პისტოლეტი სათამაშოა, ის თავს ვერ მოიკლავს. ასე რომ ცოცხალი დარჩება და მოგვიანებით იესოსაც გააჩენს, არ ინერვიულოთ ამ თემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი