უკრაინის პარლამენტში ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი დადგება

   უკრაინის ხელისუფლება 16 იანვარს მიღებულ კანონების გაუქმებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ დემონსტრანტები დაკავებულ სახელმწიფო ადმინისტრაციულ შენობებს გაათავისუფლებენ. ამის შესახებ უკრაინის იუსტიციის მინისტრმა ელენა ლუკაშმა ქვეყნის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განცხადებით, ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმდნენ, რომ პარლამენტის მუშაობის დღის წესრიგში დადგეს ხელისუფლების პასუხისმგებლობის საკითხი. ლუკაშის თქმით, ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა არსენი იაცენიუკმა უარი თქვა პრემიერ-მინისტრობაზე. თუმცა, ლუკაშის განცხადებით, მოლაპარაკებები ამ საკითხზე კვლავ გრძელდება. ამასთან, მხარეები ასევე შეთანხმდნენ, ერთობლივად მისცენ ხმას კანონს ამნისტიის შესახებ, თუ აქტივისტები დაკავებულ ადმინისტრაციულ შენობებს დატოვებენ. უკრაინის იუსტიციის მინისტრის ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს კონსტიტუციის რეფორმის საკითხი.
უკრაინის რადას მიერ 16 იანვარს მიღებული კანონების თანახმად, ქვეყანაში მიტინგების გამართვის წესები გამკაცრდა. სწორედ ამ კანონების მიღების შემდეგ დაიწყო კიევში, გრუშევსკის ქუჩაზე დაპირისპირებები ძალოვანებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები