გია ვოლსკი საპატრიარქოს განცხადებას ეხმაურება – „სწორ აქცენტებზე აგებული განცხადება გამოაქვეყნა საპატრიარქომ“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ.
„ძალიან სწორ აქცენტებზე აგებული განცხადება გამოაქვეყნა საპატრიარქომ “რუსთავი 2”-ის ბოლო პერიოდის ზოგიერთ სიუჟეტთან დაკავშირებით, ძირითადი არსი:
1. პროვოკაცია განგებ ხდება დაპირისპირებების გაღვივებისათვის.
2. დასავლური ფასეულობები არაა რელიგიური გრძნობების შეურაცხოფის დაშვება.
დავამატები, რომ დაპირისპირებები და “ცენზურასთან” დაახლოებული კომენტარები სჭირდებათ საერთაშორისო სასამართლოში პოზიციების გასაძლიერებლად. აგერ “პრიმაკოვის ფონდიც” წამოსწიეს, რომლის არსებობა არც არავინ იცოდა, სანამ საპროტესტო აქციაზე არ გამოჩნდა მაუწყებლის ეზოში. არაფერი ახალი, ესაა ნაცმოძრაობის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულება – გარეთ საქართველოს “ბნელი ძალების” სათარეშოდ წარმოდგენა, შიგნით საპროტესტო მუხტის შექმნა, რომელიც შესაძლოა კანონს დაუპირისპირდეს და სახელმწიფოს შესაბამისი ზომების მიღება აიძულოს“, – წერს გია ვოლსკი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც საპატრიარქო “რუსთავი 2-ს” ბოიკოტს უცხადებს.
ამავე განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ სამღვდელოებას და მრევლს მოუწოდებს, “რუსთავი 2-თან” ურთიერთობა შეწყვიტონ, ინტერვიუ არ მისცენ და მის გადაცემებში მონაწილეობა არ მიიღონ.
საპატრიარქო საქართველოში მყოფ საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ხელისუფლებასაც მიმართავს, გატარდეს შესაბამისი პოლიტიკა, რათა ქვეყანა არ დადგეს უმართავი პროცესების განვითარების საშიშროების წინაშე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები