ლევან არველაძე: მისასალმებელია, რომ ქალაქის გამწვანებაში ბიზნესსექტორიც ერთვება
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ლევან არველაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე თბილისის მერის კახა კალაძის ინიციატივებს ეხმაურება. როგორც დეპუტატი წერს, ელექტროტრანსპორტის წახალისება, მწვანე საფარის განვითარება და ინოვაციები ნარჩენების მართვის სფეროში ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურება.
ლევან არველაძის თქმით, მისასალმებელია, რომ ქალაქის გამწვანებაში ბიზნესსექტორიც ერთვება და ამ მხრივ “ქართუს” ინიციატივა მაგალითის მიმცემი იქნება.
„ეკოლოგია კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამაში ცენტრალურ ადგილს იკავებდა და დღეს ყველა ვხედავთ, რომ ამ ამოცანის შესრულებას ის კომპლექსურად უყურებს. თბილისს თანამედროვე ქალაქებთან კონკურენცია მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია, თუ თანამედროვე ტრანსპორტი, მოვლილი მწვანე ზონები და ნარჩენების მართვის ეფექტური სისტემა ექნება. მისასალმებელია, რომ ქალაქის გამწვანებაში ბიზნესსექტორიც ერთვება. ამ მხრივ “ქართუს” ინიციატივა მაგალითის მიმცემი იქნება“, – წერს ლევან არველაძე.