ზესტაფონში, გზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება

ზესტაფონში, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სასოფლო, საუბნო და ქალაქის ქუჩების აღგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში ხდება სოფლების: კლდეეთისა და ქვედა საქარის დამეწყრილი და დაზიანებული გზის მონაკვეთების აღდგენა და სანიაღვრე არხების მოწყობა.

„გზის დაზიანებული ნაწილის აღდგენასთან ერთად საჭიროდ ჩავთვალეთ სანიაღვრე არხების მოწყობა, რათა უხვი ნალექის შემთხვევაში ნაკლებად მოხდეს გზის საფარის დაზიანება. პერიოდულად გაიწმინდება სანიაღვრეები, რაშიც ადგილობრივი მოსახლეობაც დაგვეხმარება“, – ამბობს ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დავით აბულაძე.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერის, კახაბერ მახათაძის თქმით, 1500 კვ.მ. გზის საფარი უკვე აღდგენილია კლდეეთისა და ქვედა საქარის ტერიტორიაზე.

„პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და სოფლების გარდა, ქალაქის საუბნო გზების ორმოულ შეკეთებასაც ითვალისწინებს. სამუშაოებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბორანი“ ასრულებს“,– განაცხადა მერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები