სოფელ ძველ სენაკში მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა
სოფელ ძველ სენაკში მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის რეაბილიტაცია წარმატებით დასრულდა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ შემუშავდა მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროექტი, რომლის საფუძველზეც დაიგეგმა ტაძრის დაზიანებული თუნუქის საბურველის შეცვლა. ტაძრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „ტაძარი +“-მა შეასრულა. სააგენტოს მიერ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დაიხარჯა 205 058 ლარი.
,,სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განახლდა და გაძლიერდა ბურულქვეშა დაზიანებული კონსტრუქცია, გაიწმინდა ტაძრის ფასადების საპირე წყობა, აღდგა აგურის დაზიანებული ფრაგმენტები, ამოიგოზა ნაკერები, გუმბათის გარე პერიმეტრზე არსებული საღებავის ფენა მოიხსნა და ნალესობის და ქვით მოპირკეთების ელემენტები გაიწმინდა/განახლდა. გარდა ამისა, გუმბათის ხის სარკმლები შეიცვალა ახალი, მაგარი ჯიშის ხის სარკმლებით და აღიჭურვა სანიავებელი ელემენტებით.
ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძარი მდებარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი სენაკის ცენტრალურ უბანში, სოფლის სასაფლაოზე. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. ტაძრის ფასადი შემკულია დახვეწილი მხატვრული და არქიტექტურული ელემენტებით.
საისტორიო წყაროებით ტაძარი აგებულია მე-17 საუკუნეში. მისი თავდაპირველი ნაგებობა დიდი ზომის ბაზილიკას წარმოადგენდა, თუმცა მე-19 საუკუნეში საფუძვლიანად გადაკეთების შედეგად ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს.
საინტერესოა იტალიელი მისიონერის არქანჯელო ლამბერტის ცნობები, რომელიც საქართველოში, კერძოდ კი სამეგრელოში ცხოვრობდა 1630-1649 წლებში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ 1655 წელს გამოქვეყნებულ წიგნს „სამეგრელოს აღწერა“ თანდართული აქვს სამეგრელოს რუკა, სადაც აღნიშნულია ძველი სენაკი მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიით”, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში