ნინო ლომჯარიამ გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს საქართველოს ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

საქართველოს სახალხო დამცველმა გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის „საქართველოსთან თანამშრომლობის“ ფარგლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა წარადგინა ანგარიში – თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც საქართველოში და განსაკუთრებით კი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობას მიმოიხილავდა. 2018 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ კვლავ დაავალა ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს წარედგინა ახალი ანგარიში, რომელიც ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ასახავს.

სახალხო დამცველმა, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის მოწოდების თანახმად, წარადგინა ინფორმაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში უკანასკნელ პერიოდში დაფიქსირებულ ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, მათ შორის, გადაადგილების თავისუფლებისა და გამყოფ ხაზებზე უკანონო დაკავებების, განათლების, საკუთრების უფლების დარღვევისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებზე. სახალხო დამცველის წარდგინება ვრცლად მიმოიხილავს ცხინვალში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის საქმეს და სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის მიმართ განხორციელებულ ზეწოლას.

წარდგინებაში საუბარია რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობაზე აღნიშნულ ადამიანის უფლებების დარღვევათა ფაქტებზე და ასახულია მოწოდებები რუსეთის ფედერაციის მიმართ, რათა შეწყდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, უზრუნველყოფილ იქნას მართლმსაჯულების განხორციელება ეთნიკური ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე და მოიხსნას ის დაბრკოლებები, რომლებიც ხელს უშლის ა. ტატუნაშვილის, გ. ოთხოზორიასა და დ. ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფაში დამნაშავე პირების დასჯას, შეწყდეს ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზებზე ადამიანების უკანონო დაკავებები და  ადამიანის უფლებათა და ჰუმანიტარულ საერთაშორისო ორგანიზაციებს ჰქონდეთ წვდომა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით.

ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი ზეპირ მოხსენებას ადამიანის უფლებათა საბჭოს 38-ე, ხოლო წერილობით ანგარიშს საბჭოს 39-ე სესიაზე წარადგენს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები