Sony Pictures-მა სუპერგმირული საგის „ადამიანი ობობა“-ს გაგრძელების პირველი თიზერი წარმოადგინა, რომელშიც მთავარ როლს ტომ ჰოლანდი ასრულებს.
რეკორდულად მოკლე ხანგრძლივობის – 9 წამის მიუხედავად, ვიდეოში პიტერ პარკერის განახლებული კოსტიუმია ნაჩვენები.
„რაღაც სრულიად ახალი ახლოვდება“, – ნათქვამია თიზერის წარწერაში.
აღსანიშნავია, რომ შემქმნელებმა ფილმის პირველი კადრები 1-ელ აგვისტოს სპეციალურად გამოაქვეყნეს, რადგან სწორედ ამ დროს აღინიშნება ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სუპერგმირის – „ადამიანი ობობას“ დღე.
ფილმის გაგრძელება დიდ ეკრანებზე ზუსტად ერთი წლის შემდეგ – 2026 წლის 31 ივლისს გამოვა.
„ადამიანი ობობა: ახალი დღის“ გადაღებები უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე, გადაღებები შოტლანდიის ქალაქ გლაზგოში მიმდინარეობს, თუმცა, ამის მიუხედავად, შემქმნელები ყველანაირად შეეცდებიან ნიუ-იორკის ატმოსფეროს ხელახლა შექმნას და გადმოცემას. ამისათვის ისინი ქალაქის 60-ზე მეტ ქუჩას გადაკეტავენ და განსაკუთრებულ დეკორაციებს შექმნიან.
საგის ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან ტომ ჰოლანდი, ზენდაია და ჯეიკობ ბატალონი, თავიანთ როლებს დაუბრუნდებიან, თუმცა ახალ სახეებს შორის იქნებიან სედი სინკი, რომელიც ცნობილია ფილმში „უცნაური საოცრებები“ შესრულებული როლით, ასევე სერიალ „დათვი“-ს ვარსკვლავები ჯონ ბერნტალი და ლიზა კოლონ-ზაიასი.
ფრენჩაიზის წინა ნაწილი, „ადამიანი ობობა: სახლში დაბრუნების გზა არ არსებობს“, 2021 წელს გამოვიდა. ფილმმა IMDb-ზე მაღალი, 8.2 რეიტინგი მოიპოვა და ასევე, სალაროებში განსაცვიფრებელი 1.892 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო.