მამუკა მდინარაძე: ნარკორეალიზატორების მიმართ გაცილებით მკაცრი სანქცია იქნება, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია

„ნარკორეალიზატორების მიმართ გაცილებით მკაცრი სანქცია იქნება, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმსჯელეს.
„რამდენიმე კომპონენტია, რაც მოიცავს ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მეორე – შეძენა-შენახვასთან და დოზებთან დაკავშირებულ საკითხებს, მესამე მომხმარებლის საკითხია.
პრაქტიკულად, ყველა საკითხზე შევჯერდით და პოზიციები უფრო დავაახლოვეთ. დავაკონკრეტეთ, რომ ნარკორეალიზატორების მიმართ იქნება გაცილებით მკაცრი სანქცია, ვიდრე დღევანდელ კანონმდებლობაშია. დოზებზე დაახლოებით შევჯერდით და ალბათ, ეს საკითხი კვირის ბოლომდე კიდევ უფრო დეტალურად იქნება გავლილი. მოხმარების საკითხებზე ასევე შევჯერდით, რომ მომხმარებლის მიმართ გაცილებით ჰუმანური კანონმდებლობა იქნება“, – აღნიშნა მდინარაძემ.
მისი თქმით, რამდენიმე დეტალი დარჩა, რაზეც მომდევნო დღეებში შეხვედრებზე იმსჯელებენ.
„საბოლოო გადაწყვეტილება ისეთი იქნება, რაც საზოგადოების ინტერესებში ადეკვატურად და ზუსტად ჩაჯდება. საბოლოო გადაწყვეტილება 7 ივნისამდე მიიღება, რადგან ეს არის პარლამენტის მიერ აღებული ვადა. არც მე გამოვრიცხავ სარეიტინგო კენჭისყრას, თუმცა შეიძლება საქმე აქამდე არ მივიდეს იქედან გამომდინარე, რომ საერთო პრინციპებზე შევჯერდით და ეს იმის დამსახურებაც იყო, რომ ამაზე მსჯელობა დიდი ხანია მიდის“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.
საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა, რომელზეც ნარკოპოლიტიკის რეფორმაზე იმსჯელეს, პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ჩატარდა. სხდომას პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები