გიორგი ჩაკვეტაძე: სპორტის განვითარებისთვის თბილისის ბიუჯეტში დამატებით 30 მილიონი ლარის გამოყოფა ისტორიული გადაწყვეტილებაა

თბილისის საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე თბილისის მერის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა დედაქალაქის ბიუჯეტში დამატებით 30 მილიონის გამოყოფის შესახებ. მისი განცხადებით, ეს უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გადაწყვეტილებაა.
„2019-2020 წლების ნაცვლად, რიგი ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში უკვე წელს დამატებით 30 მილიონი ლარი გამოიყოფა,“- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძე.
მისი ინფორმაციით, ხელისუფლების მიზანია სპორტით დაკავებული ადამიანების რაოდენობა მიუახლოვდეს და გაუთანაბრდეს ევროპულ სტანდარტებს. გიორგი ჩაკვეტაძემ დეტალურად განმარტა, თუ რას მოუტანს დედაქალაქს ეს გადაწყვეტილება.
„პრემიერ-მინისტრის მიერ გაცხადებული ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების ფარგლებში მოხდება არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის სრული შესწავლა. სამი წლის თავზე სახელმწიფო მოსახლეობის პრიორიტეტებზე მორგებულ სპორტის სტრატეგიას, ადაპტირებულ ინფრასტრუქტურასა და ხელმისაწვდომ სოციალურ სერვისებს მიიღებს. თბილისში მცხოვრები ადამიანები შეძლებენ მუნიციპალური სერვისებით ხელმისაწვდომი პირობებით ისარგებლონ. 2019 და 2020 წლებში ამ რესურსით დედაქალაქის ხელისუფლება სხვა პროექტებსაც შეიძენს და არსებული ობიექტების მართვის ერთიან მოდელზე გადავა,“- განაცხადა საკრებულოს სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ.
გიორგი ჩაკვეტაძის თქმით, 2018 წელს თბილისში დაგეგმილია ორი მულტიფუნქციური ცენტრის მშენებლობა: დიდი დიღმისა და ვარკეთილის ტერიტორიაზე.
„ჩვენი გუნდისთვის პროფესიული და მასობრივი სპორტის განვითარება თანაბრად მნიშვნელოვანია. ამის დასტურია პრემიერ-მინისტრის განცხადება და კახა კალაძის წინასაარჩევნო პროგრამის ერთ-ერთი უმთავრესი რგოლი – ჯანსაღი ცხოვრების წესი,“- დასძინა ჩაკვეტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები