რომან კაკულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშს უარყოფითად აფასებს

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია მიიჩნევს, რომ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიშში არ არის გათვალისწინებული კომიტეტის მიერ წინა მოსმენისას მიცემული რეკომენდაციები და შენიშვნები. მათ შორის, ანგარიშში არ არის გამოკვეთილი ქვეყანაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზების ძიება.
„მაგალითისთვის შემიძლია მოვიყვანო თვითდასაქმებულების შეფასების არსებული ინდიკატორები. მე მგონია, რომ ეს დღეს ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა, ამდენად, მივესალმებოდი, რომ ეს ანგარიშში ყოფილიყო ასახული. ვიდრე ვიქნებით კონცენტრირებული მხოლოდ 12%-იან უმუშევრობაზე, რეალური დაგეგმვა პრობლემა იქნება. მახსოვს, როდის შეიცვალა ეს ინდიკატორები, რომელი ხელისუფლების დროს და რას ემსახურებოდა ეს ყველაფერი. აბსოლუტურად ყველა არგუმენტი გასაგებია, მაგრამ მაინც მგონია, უფრო მნიშვნელოვანია, რეალობა დავინახოთ ისეთი, როგორიც არის და გეგმებიც შესაბამისად დავსახოთ.
ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს და მის ანგარიშს, ამდენად, მგონია, კრიტიკას იმსახურებს ის ფაქტი, რომ 2017 წლის ანგარიშში ეს ნაწილი არ არსებობს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც თითქმის ხელის გულზე დევს ჩვენი აცდენა ამ რეალობისგან. მაშინ, როდესაც უმუშევრობა, ბიზნესის განვითარება და ამ ყველაფრის ხელშეწყობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მთავრობამ რომ ნორმალურად დაგეგმოს საკითხი, ინფორმაცია უნდა იყოს სწორი. ამ ხარვეზის გამო, 2017 წლის ანგარიშს დადებითად ვერ შევაფასებ”,-განაცხადა რომან კაკულიამ.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მომზადებულად არ მიიჩნია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის საქმიანობის ანგარიში და კენჭისყრისას მხარი არ დაუჭირა მის ცნობად მიღების საკითხს.
კომიტეტს ანგარიში სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ წარუდგინა. მან საქსტატის ორგანიზაციული სტრუქტურისა და საშტატო განრიგის შესახებ ისაუბრა, წარმოადგინა საბიუჯეტო შემოსავლები და ხარჯები, ასევე დეტალურად განიხილა გასული წლის განმავლობაში საქსტატის მიერ გაწეული საქმიანობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები