მარიამ ჯაში: თბილისის მერის ინიციატივით, 3000 ოჯახი დაიბრუნებს 25 წლის მანძილზე დაკარგული საკუთრების უფლებას

უმრავლესობის წევრი მარიამ ჯაში თბილისის მერიის ახალ გადაწყვეტილებას, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებული 3000 ოჯახის საკუთრების უფლების დაბრუნებას გულისხმობს, დადებითად აფასებს.
მისი თქმით, დღეს თბილისის მერიის გადაწყვეტილებით დამტკიცდა პროექტი, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულ 3000 ოჯახს დაუბრუნებს საკუთრების უფლებას.
“90-იან წლებში, ჩვენ ქვეყანაში მიმდინარე ურთულესი პოლიტიკური და ეკონომიკური მდგომარეობის ფონზე, თბილისში 3000 ოჯახმა, ბინათმშენებლობების კოოპერატივების საქმიანობის შეჩერების შედეგად, დაკარგა საკუთრების უფლება. 3000 ოჯახი, მათ მიერ ბინათმშენებლობისთვის გადახდილი საფასურის მიუხედავად, დარჩა საცხოვრებელი ბინების გარეშე. 25 წელი ეს პრობლემა იყო გადაუჭრელი, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ ოჯახების წინაშე არსებული ვალი აღიარა წლების წინ. პირველ ეტაპზე სოციალურად ყველაზე რთულ მდგომარეობაში მყოფი 800 ოჯახი დაიბრუნებს დაკარგული საკუთრების უფლებას, ხოლო მომდევნო ეტაპზე 3000-ვე ოჯახი. როგორც სამგორის მაჟორიტარი, სადაც ბინათმშენებლობების კოოპერატივებით არაერთი ოჯახია დაზარალებული, მადლობას ვუხდი კახა კალაძეს და ქალაქის მთავრობას ამ ისტორიული გადაწყვეტილებისათვის. თბილისში ჩვენი მოსახლეობის ერთ-ერთი საზრუნავი ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფაა და მერიის ეს ინიციატივა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ამ პრობლემის კომპლექსურად გადაჭრის გზაზე”- განაცხადა ჯაშმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები