შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი დაიწყო

სტამბულში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტი დაიწყო, რომელშიც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე იღებს მონაწილეობას.

ირაკლი კობახიძე სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის მომავლის ფორმირებაში პარლამენტების როლზე ისაუბრებს.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელის და ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტის, ოთარ დანელიას განცხადებით, ასამბლეა მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი პოზიციონირებისთვის.

„შავი ზღვის საპარლამენტო ეკონომიკური ფორუმი საკმაოდ მნიშვნელოვანი პლატფორმაა, ვინაიდან აღსანიშნავია, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით, საქართველო ძალიან გააქტიურდა და ჩვენ მივიღეთ უპრეცენდენტო რეზოლუციები, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. დღევანდელი დღე  ეძღვნება  შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის 25 წლის იუბილეს, რომელსაც ესწრება  ყველა წევრი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე. არის უმაღლესი დონე და ეს არის ძალიან კარგი პლატფორმა იმისთვის, რომ მოვახდინოთ კიდევ უფრო ძლიერი პოზიციონირება როგორც ინსტიტუციური-ამ შემთხვევაში, საპარლამენტო, ასევე, რა თქმა უნდა, ქვეყნის თვალსაზრისით”,- განაცხადა ოთარ დანელიამ.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრის, რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, სამიტზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საკითხები იქნება განხილული.

„ვსაუბრობთ კონკრეტულ საკითხებზე – ეკონომიკურ საკითხებზე, რომლებიც  ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენს ქვეყნებს ერთმანეთთან აკავშირებს. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი დელეგაცია გრძნობს ყველა სხვა დელეგაციის მხრიდან მხარდაჭერას იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ შემთხვევაში, ჩვენს ქვეყანას აწუხებს”,- განაცხადა პარლამენტის წევრმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები