„ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ“

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, კლუბებში ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაცია ხდებოდა. როგორც მან აღნიშნა, უშუალოდ კლუბების გარეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან თუ დადასტურდება ვიღაცის უფლების დარღვევის ფაქტი, ამაზე შს სამინისტრო შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

“რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა და ეს ადამიანები კლუბებში იმყოფებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების დაწყების დროს კლუბებში იყვნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პირები, რის გამოც არსებობდა დაპირისპირების საფრთხე. სწორედ ამის გამო ადგილზე სამართალდამცავთა ის რაოდენობა იყო მობილიზებული, რა რაოდენობაც იქ იყო. ჩვენი სამიზნე არ იყვნენ ახალგაზრდები, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
უშუალოდ კლუბების გარეთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ აზრები გაიყო, თუმცა, ჩვენ ცალსახად ვაცხადებთ ერთ რამეს, რომ ჩვენ ამ საკითხებს შევისწავლით, გარეთ უშუალოდ რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდა თუ არა ადგილი, თუმცა, ამ ადამიანებსაც ჩვენ ვთხოვეთ, არც ჩვენამდე არც სახალხო დამცველის აპარატამდე რაიმე ტიპის დარღვევის შესახებ შეტყობინება შემოსული არ არის, თუ ასეთი დაფიქსირდება, მზად ვართ, რომ ვითანამშრომლოთ ასევე სახალხო დამცველის სამსახურთანაც.
თუ ვიღაცის უფლებები დაარღვიეს, ვიღაცას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ეს არ გვითხრეს ვინ არიან პოტენციური მსხვერპლები, როგორ გამოვიძიოთ? თუ დადასტურდება გადაცდომების ფაქტი, ამაზე შს სამინისტრო მოახდენს რეაგირებას. ჩვენამდე არანაირი დამამტკიცებელი მასალა არ მოსულა. ჩვენ მათ მტკიცებით ტვირთს კი არ ვადებთ, არამედ ვეუბნებით – მოგვიტანეთ მასალები, გვითხარით ვინ დაზარალდა, მოვიდეს ადამიანი, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, გამოვიკვლევთ, ობიექტურად შევაფასებთ და მოვახდენთ რეაგირებას“, – აღნიშნა ნათია მეზვრიშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები