მამუკა მდინარაძე: აშშ–ს მხრიდან გამოხატული მზაობა კიდევ უფრო გააძლიერებს განვითარების დინამიკას ჩვენს ქვეყანაში

„ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები ყოველთვის ძალიან ადეკვატურად უყურებენ ჩვენს ქვეყენაში განვითარებულ მოვლენებს, დემოკრატიის,სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მიმართულებით დაგეგმილ რეფორმებს. ისინი ყოველთვის გამოხატავენ ღია, აშკარა და ქმედით მხარდაჭერას ჩვენს მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან, კრისტი მორდჰორდთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძის განცხადებით, შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნარკოპოლიტიკა და ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევები იყო.მან კრისტი მორდჰორდს მიაწოდა ინფორმაცია ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებთან, მათ შორის, ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელთა გამოსავლენად ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით.

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სტუმარს გააცნო ხელისუფლების ხედვა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი მზად არის პარლამენტის წინაშე წარსდგეს და თემის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვას ამომწურავად გასცეს პასუხი.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, ასევე,ქვეყნის საგარეო მიმართულებების პრიორიტეტებს,ეკონომიკურ განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებს, განხორციელებულ და დაგეგმილ საგადასახადო რეფორმას, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ ახალი საზედამხედველო მექანიზმის „საკომიტეტო მოკვლევის“ამოქმედებას და მასთან დაკავშირებულ პოზიტიურ მოლოდინებს.

„ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან გამოხატული მზაობა კიდევ უფრო გააძლიერებს განვითარების დინამიკას ჩვენს ქვეყენაში“,-აღნიშნა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები