ზელენსკი: უკრაინა ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების წინადადებას მხარს დაუჭერს
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჯერ არ ჰქონია საუბარი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რომელიც მანამდე რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინს ესაუბრა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კიევი მხარს დაუჭერს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების წინადადებას.
მისივე თქმით, უკრაინა ყოველთვის მხარს უჭერდა პოზიციას, რომ ენერგეტიკულ სექტორში იარაღი არ გამოიყენონ.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსეთს სურს გააგრძელოს დარტყმები სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს ოლქებში.
„დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ჩვენი მხარე, ყოველ შემთხვევაში, ამერიკული და უკრაინული მხარე, მხარს დაუჭერს ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიმართულია როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე დარტყმების შემცირებისკენ. რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ასეთ ნაბიჯებს მხარს დავუჭერთ.
ძალიან მინდა, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა გაიგოს და ნახოს, რა სურს პუტინს. პუტინს სურს განახორციელოს რამდენიმე შეტევითი მოქმედება ზაპოროჟიეს მიმართულებით, აღმოსავლეთში, ხარკოვისა და სუმის მიმართულებებით. რისთვის? იმისთვის, რომ მაქსიმალურად ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და მხოლოდ ამის შემდეგ წამოაყენოს ულტიმატუმები ძალის პოზიციიდან“, – განაცხადა ზელენსკიმ.