იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი წევრის ასარჩევად კონკურსი გამოცხადდა

პარლამენტის თავმჯდომარემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ერთი წევრის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. საუბარია ვაკანტურ ადგილზე, სადაც წევრის დამტკიცებას პარლამენტართა ხმების 2/3-ი სჭირდება. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ამ ადგილის შესავსებად გასულ წელს კონკურსი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა მმართველმა გუნდმა და უმცირესობამ კანდიდატებზე პოზიციების შეჯერება ვერ შეძლეს და, შესაბამისად, პარლამენტმა ვერც ერთი კანდიდატი ვერ დაამტკიცა.
პარლამენტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად კანონისა და საკონკურსო პირობების თანახმად, საქართველოს ის მოქალაქე უნდა აირჩიოს, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არა ნაკლებ 10 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან და არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს რეკომენდაციის საფუძველზე.
პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია “საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით და პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით, პარლამენტს წარუდგინოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის არაუმეტეს 3 კანდიდატისა.
არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი იურიდიული განათლებისა და სპეციალობით მუშაობის არა ნაკლებ 10 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთების ასლები, სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ აქვს ასეთი შრომები), კანდიდატის წერილობითი თანხმობა, ხოლო თუ წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − აგრეთვე იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელება სასამართლოებში განხორციელებულ სამართალწარმოებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები