15 მაისი კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა

დღეს კონსტანტინე გამსახურდია 125 წლის გახდებოდა. დიდი მწერლის დაბადების დღეს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მწერალი და ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ინგა მილორავა ეხმაურება და ესესთან ერთად კორნელი სანაძის ნახატს აქვეყნებს. მის სტატუსს „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:

„და ცივა ისლის სახლში, ცივა და ქარია
შემცივდა, კონსტანტინე ბატონო, მეც, სხვებსაც, დავიბენით და დავიკარგეთ ნისლში და ისლში
თქვენც საყრდენი ბრძანდებით და სხვებიც, ვისი სიტყვაც ხიმინჯებივით იკავებს ჩვენი ისლის ქოხს, მაგრამ ისეთი ქარია, ისეთი ქარია…..
დღეს თქვენი დაბადების დღეა
მოიტაცებს ქარი მთვარეს?
მოგვიტაცებს და წაგვიღებს ქარი?
მაგრამ დღეს თქვენი დაბადების დღეა და …..
მიყვარხართ
ძალიან
დღეს თქვენ ჩაგეჭიდებით ქარისგან მიტაცებული…

,,მთვარის მოტაცების” ქვეყანაში ბევრჯერ მიმოგზაურია
მრავალგზის შეუცვლია ამ წიგნს ფიქრის გზა
არზაყანი ჩალმაზის კაცია და კაცის კაცი რაღა იქნებაო – გვანჯ აფაქიძემ.
კაცის კაცებმა რაც მოიმოქმედეს, კი ჩანს.
მაგრამ ჩემთვის ის ქვეყანა ხო არის, სადაც თამარი ატმისფერი კაბით დგას და ფუტკრები ბზუიან ყვავილებში, ლუკაია ლაბახუა გაცხენდება, ,,ფუი ლამარია” ამოსკდება და მერამდენჯერ ჩამოდის კიბეზე დაწყევლილი ემხვარის გვარი ყელამდე შეკრული შავი ჩოხით
მიჰყავთ სადღაც არაბია…
და გაშლის მკლავს ენგურში და მოიტაცებს მთვარეს ეული სული
ძალიან ბევრია ეს
ბევრჯერ – ჩემთვის
მეტი ან რაღა?
________________

ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!
შენ მაჩვენე მზის სიახლე
და ზღაპრების მხარე.

მე
ზღვის ნისლებს გადავყევი და მთებს მივეფარე,
ვეღარ ვნახე შენი სახე, ვეღარ მოგისწარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!

ჩემი სისხლი შენსკენ იწევს, ჩემი სისხლი ჩქარი.
ისლის სახლი, ისლის სახლი!
ქარი!
ქარი!
ქარი!“ – წერს ინგა მილორავა.

კონსტანტინე გამსახურდია –  პროზის დიდოსტატი, ფილოსოფიის დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1944), შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1965).
დაიბადა 1893 წლის 15 მაისს სოფელ ძველ აბაშაში. კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.
კონსტანტინე გამსახურდიამ შექმნა ჟანრობრივად მრავალფეროვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა, რომელსაც ფასდაუდებელი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ლიტერატურის ისტორიაში.
განუზომლად დიდია მისი ღვაწლი ქართული კრიტიკის, პუბლიცისტიკის, ესეისტიკის, პოეზიის, მთარგმნელობითი ხელოვნების, ისტორიულ-ფილოსოფიურ მეცნიერებათა განვითარების თვალსაზრისით.
1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წელს ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. გამსახურდიას ნაწარმოები თარგმნილია მრავალ ენაზე. ის დაჯილდოებულია ორი ლენინის ორდენით, სხვა ორდენებითა და მედლებით. გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები