საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ჩინეთის შანსის მუზეუმის საერთაშორისო გამოფენა გაიხსნება
20 ივლისიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი უმასპინძლებს მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენას – „ყვითელი მდინარიდან კავკასიამდე: ჩინეთის შანსის პროვინციის ბრინჯაოს კულტურის საგანძური“.
ეროვნული მუზეუმის ინფორმაციით, გამოფენა ქართველ დამთვალიერებელს უძველესი ჩინური ცივილიზაციის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან კულტურულ მემკვიდრეობას გააცნობს.
გამოფენის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართება 20 ივლისს, 16:00 საათზე, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.
გამოფენა საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ჩინეთის შანსის მუზეუმისა (Shanxi Museum) და ასოციაციის „სარტყელი და გზა კულტურული განვითარებისათვის“ თანამშრომლობით იმართება და წარმოადგენს ორ ქვეყანას შორის მრავალწლიანი კულტურული თანამშრომლობის მნიშვნელოვან გაგრძელებას.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება 36 უნიკალური ბრინჯაოს ექსპონატი, რომლებიც მოიცავს პერიოდს შანგისა და ჭოუს დინასტიებიდან ცინისა და ხანის ეპოქებამდე (ძვ. წ. XVI საუკუნიდან ახ. წ. III საუკუნემდე). დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ექნებათ ახლოდან გაეცნონ ჩინეთის ბრინჯაოს ცივილიზაციის განვითარებას, მის რიტუალურ, მუსიკალურ და მხატვრულ ტრადიციებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინეს ჩინური სახელმწიფოსა და კულტურის ფორმირებაზე.
შანსის პროვინცია, რომელიც ისტორიულად ცნობილია როგორც ხეტუნგი, მდებარეობს ყვითელი მდინარის (ხუანხე) შუა დინებაზე და ითვლება ჩინური ცივილიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს აკვნად. სწორედ ამ რეგიონში განვითარდა ბრინჯაოს წარმოების უძველესი ტრადიცია, რომელმაც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი დაიკავა.
21 ივლისიდან, სამი თვის განმავლობაში, ვიზიტორებს შესაძლებლობა ექნებათ, არა მხოლოდ დაათვალიერონ უნიკალური ექსპოზიცია, არამედ მონაწილეობა მიიღონ გამოფენის ფარგლებში დაგეგმილ საჯარო ლექციებსა და სპეციალურ საგანმანათლებლო პროგრამებში, რომლებიც სასკოლო ასაკის ბავშვებისთვისაც იქნება განკუთვნილი.
პროექტი დასრულდება, დასკვნითი ეტაპით – საერთაშორისო სიმპოზიუმით – „მუზეუმები 21-ე საუკუნის გამოწვევების წინაშე“, რომელიც ორ დღეს გასტანს და თავს მოუყრის ჩინეთის, სამხრეთ კავკასიისა და სხვა ქვეყნების მუზეუმების დირექტორებს, კურატორებსა და მუზეუმების მენეჯერებს.