ზაალ ანჯაფარიძე: მთავარია, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველას ეძლევა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება

ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში, თბილისში უკანასკნელ 2 დღეში განვითარებულ მოვლენებს აფასებს:
“მთავარია, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა და თავიდან ავიცილეთ ყველაზე ცუდი სცენარი. გაკეთებული განცხადებები იძლევა იმედს, რომ პროცესი გადავა დიალოგის რეჟიმში და ის ადამიანები, რომლებიც პარლამენტის შენობის წინ გამოთქვამდნენ თავიანთ პროტესტს, თავიანთ პრეტენზიებს და პრობლემებს, ხელისუფლებასთან ერთად, მოლაპარაკების მაგიდასთან განიხილავენ. ძალიან კარგია, რომ ხელისუფლება არ წავიდა ძალადობრივ სცენარზე, განსხვავებით წინა ხელისუფლებისაგან. გუშინდელი სიტუაციის განმუხტვა კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ჩვენ ნელ-ნელა გავდივართ ცივილურ დონეზე, ასე იქცევიან დემოკრატიულ სახელმწიფოებში.
ამასთან, ანალიტიკოსი არ იზიარებს პოზიციას იმის შესახებ, რომ რომელიმე ადამიანის თავისუფლება იზღუდება.
“რაც შეეხება თავად მოვლენებს, ინფორმაციის დეფიციტის პირობებში ჯერჯერობით რთულია, რაიმე შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება. მე პირადად ვერ გავიზიარებ პრეტენზიას, რომ თითქოს ამ ადამიანებს უზღუდავენ თავისუფლებას. გასაგებია, რომ ჩატარდა პოლიციის რეიდი და მსგავსი რეიდები ტარდება მსოფლიოს ყველა ქვეყანის კლუბებში. ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ ასეთი რეიდების დროს, იქ მყოფი ადამიანები განიცდიან გარკვეულ დისკომფორტს, მაგრამ პოლიცია ასეთ დროს თეთრი ხელთათმანებით ვერ იმოქმედებს, მაგრამ ვფიქრობ მაინც აუცილებელია ჩატარდეს გამოძიება. იმ კადრების მიხედვით რომელიც ვიხილეთ, ვფიქრობ მაინც ჰქონდა ძალის გადამეტებას ადგილი, მაგრამ ეს გამოძიებით უნდა დამტკიცდეს და თუკი ვინმემ ჩაიდინა რაიმე გადაცდომა უნდა დაეკისროს კანონით გათვალისწინებული სასჯელი.
რაც შეეხება იმას, მართული იყო თუ არა აქცია, ამასაც გამოძიება სჭირდება, ბევრისგან განსხვავებით, მე ვერ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ აქცია აუცილებლად ვიღაცის მიერ იყო მართული, თუმცა გამორიცხული არაფერია.
მთავარი არის ის, რომ დღეს ჩვენს ქვეყანაში ყველას ეძლევა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება, ამ ყველაფრის უკან ჩვენ უფრო დიდი სურათი უნდა დავინახოთ, ჩვენ ერთი ნაბიჯი გადავდგით დემოკრატიისაკენ. იმის მიუხედავად, რომ საზოგადოების ერთი ნაწილისათვის შეიძლება საზოგადოების მეორე ნაწილის პოზიცია მიუღებელი იყოს და პირიქით, მათ არავინ არ უნდა შეუზღუდოს გამოხატვის თავისუფლება. ყოველივე ამის ფონზე აუცილებლად უნდა იყოს დაცული კანონი და ეს უნდა უზრუნველყოს სახელმწიფომ, რაც მან უდაოდ შესძლო”, – განაცხადა ანჯაფარიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები