მწერალთა სახლში იტალიელი პოეტების საღამო გაიმართება

14 მაისს, 18:00 საათზე მწერალთა სახლის სააქტო დარბაზში გაიმართება იტალიელი პოეტების საღამო.
ორგანიზატორების ინფორმაციით, საღამო თბილისის ლიტერატურის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარდება. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ: მილო დე ანჯელისი, ფრანჩესკო იანონე, დომენიკო ბრანკალე, კლაუდიო პოცცანი. იტალიელ ავტორებს წარადგენენ: გიორგი ლობჟანიძე, ნიკა ჯორჯანელი და შოთა იათაშვილი.

მილო დე ანჯელისი
პოეტი, მთარგმნელი, კრიტიკოსი, პედაგოგი. დაიბადა 1951 წელს მილანში, სადაც ცხოვრობს და ოც წელზე მეტია ასწავლის მკაცრი რეჟიმის ციხეში. 1976 წელს პირველი პოეტური კრებულის, “მსგავსებანის” გამოსვლისთანავე თანამედროვე იტალიური პოეზიის ლიდერად შერაცხეს და უკვე ორმოცი წელია აღიარებული ერთ-ერთ უპირველეს პოეტად, რომლის შესახებაც უამრავი სტატია, წიგნი, სადიპლომო ნაშრომი იწერება და ისწავლება სკოლებში. სამწერლო ასპარეზზე 70-იან წლებში გამოვიდა და დაუპირისპირდა პოლიტიკურად ანგაჟირებულ ლიტერატურულ მიმდინარეობას, „ჯგუფ 63“-ს, მის იდეოლოგ პოეტებს: ბალესტრინის, ჯულიანის, სანგვინეტის. 1977 წელს თანამოაზრეებთან ერთად დააარსა ლიტერატურული ჟურნალი “ნიებო”, რომელიც იტალიური პოეზიის “ნეოავანგარდისტული თრობის” შემდეგ მიზნად ისახავდა სიმბოლიზმისა და რომანტიზმის ტრადიციებთან ერთგვარ მიბრუნებას.
გარდა „მსგავსებანისა“, იგი ავტორია პოეტური კრებულებისა: “მილიმეტრები”, “სახის მიწა”, “შორს მყოფი მამა”, “შემოკლებული ბიოგრაფია”, “დამშვიდობების თემა”, “შეხვედრები და ჩასაფრებანი” და სხვ. გამოქვეყნებული აქვს მოთხრობა-ზღაპარი “მოსასხამების რბოლა”, ასევე ფილოსოფიურ-კრიტიკული ნაწარმოები “პოეზია და ბედისწერა”. ფრანგულიდან თარგმნა რასინის, მეტერლინკის, ბოდლერის, ბლანშოს ნაწარმოებები, ხოლო ბერძნულიდან და ლათინურიდან კლასიკოსი ავტორები.
მინიჭებული აქვს არაერთი პრესტიჟული პრემია, მათ შორის, ვიარეჯოს, მონდელოს, სან პელეგრინოს, კატაფის, ლერიჩის და სხვ.

ფრანჩესკო იანონე

დაიბადა 1985 წელს სალერნოში. არის ჟურნალ “ატელიეს” ონლაინ-გამოცემის რედაქტორი. მისმა პირველმა პოეტურმა კრებულმა “შიმშილისა და წყურვილის ლექსები” დაიმსახურა ლიტერატურული პრემიები: “სოლსტიციო” და “ლ’აკუილა”, და ფინალისტის ტიტული პრემიებისა – “პენე” და “ბეპე მანფრედი”. მისი ლექსები შეტანილია ანთოლოგიებში: “დამწყები თაობა. ოთხმოციან წლებში დაბადებული პოეტები” და “პოსტ 900”.
ფრანჩესკო იანონეს ლექსები სისტემატურად იბეჭდება იტალიურ და უცხოურ ლიტერატურულ ჟურნალებში: “პოეზია”, “გრადივა”, “Italien Poetry Rewiew”, “სემინჩერკიო”, “კლანდესტინო” და სხვ.
თანამშრომლობს ჟურნალებთან: “ლევანია”, “კლანდესტინო”, “პოეზია” და სხვ. მისმა ბოლო პოეტურმა კრებულმა “ვულკანის ქვა” 2015 წელს დაიმსახურა პრემია “სუბიაკო წიგნის ქალაქი.”

დომენიკო ბრანკალე

პოეტი, მთარგმნელი, პერფორმერი, გალერისტი. დაიბადა 1976 წელს. კურირებს გამომცემლობა “ეფიჯეს” საზღვარგარეთის პოეზიის განყოფილებას; თანამშრომლობს ვენეციის სამხატვრო გალერეასთან “Galerie Bordas”.
ავტორია პოეტური კრებულების:
“ძაღლი და ღორი” (2001), “ძვალშესალაგი მზის ქვეშ” (2007), “ადამიანური მერყეობანი” (2013), „რიგ მოსაზრებათა გამო” (2017). შეადგინა წიგნი “ქრისტინა კამპო გამოსახულებებსა და სიტყვებში”. მისი ორიგინალური პერფორმანსები ხმისა და საგანგებოდ შერჩეული სივრცის წერთიანობაში წარმოჩენას ისახავს მიზნად. 2017 წელს გამოსცა ზღაპარი “ორი გოგონა” ვირჯინია მორის ილუსტრაციებით. თარგმნა ემილ ჩორანის, ჯონ ჯორნოს, ანრი მიშოს, კლოდ რუაიე-ჟურნუს ნაწარმოებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები