პაატა ქურდაძე: ნარკოტრაფიკი მსოფლიოს ისეთივე შავი ჭირია, როგორც ტერორიზმი

ნარკოტრაფიკი მსოფლიოს ისეთივე შავი ჭირია, როგორც ტერორიზმი და მის ასპროცენტიან კონტროლს ჯერ-ჯერობით ვერავინ ახერხებს”, – ამის შესახებ მწერალი და ესეისტი პაატა ქურდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ქურდაძე ვრცელი პოსტით ბოლო 2 დღის განმავლობაში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება.

„თუკი სერიოზულად ვირწმუნებთ ზოგიერთი ჭკუისკოლოფის ხმამაღალ განცხადებებს იმის შესახებ, რომ შეუძლებელია, ქვეყანაში შემოდიოდეს ნარკოტიკები, თუკი ნარკობიზნესში ჩართულები არ არიან ქვეყნის უმაღლესი მართველი ეშელონის პირველი პირები, გამოვა, რომ მსოფლიოს მთავარი დილერები ყოფილან ანჰელა მერკელი, ემანუელ მაკრონი, ტერესა მეი და რა თქმა უნდა, მარად აღგზნებული დონალდ ტრამპი. ალბათ, არავინ შემეკამათება, რომ გერმანიის, საფრანგეთის, ბრიტანეთისა და ამერიკის კოლოსალურ ნარკოტრაფიკთან შედარებით, საქართველო პატარა, საცოდავი კონტრაბანდისტების ერთიციცქნა პროვინციაა. ასეთი განცხადებები, ჩემი აზრით, პირიქით, ვნებს ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის პროცესს და მოთხოვნებს გროტესკულად წარმოაჩენს.

ნარკოტრაფიკი მსოფლიოს ისეთივე შავი ჭირია, როგორც ტერორიზმი და მის ასპროცენტიან კონტროლს ჯერ- ჯერობით ვერავინ ახერხებს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლებაში – დემოკრატი, ლიბერალი თუ ტირანი. რა თქმა უნდა, სანამ ადამიანი არსებობს, იარსებებს შავი ეკონომიკა და კორუფცია, მაგრამ ამ გულუბრყვილობის ასე მტკიცებულებების გარეშე, ემოციური მოსაზრებების დონეზე განზოგადება და სტერეოტიპიზაცია, ჩემთვის პირადად, ძალიან არასერიოზულია, ისევე, როგორც კლუბების დემონიზაცია, იქ მოსიარულე ახალგაზრდების ტოქსიკომანებად გამოცხადება, საბჭოთა თაობის ტოტალურად “სტალინისტებად” შერაცხვა, ან თუ გნებავთ, სანდრა რულოვსის მიერ ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა. არასერიოზულობასაც თავისი ლიმიტი აქვს, რომლის იქით ნებისმიერი გონივრული პროტესტი დეკომპოზიციას იწყებს, იხრწნება და საბოლოოდ ქრება, როგორც ყველაფერი ორგანული, რაც ცუდად არის შენახული, რის შედეგადაც, საბოლოოდ, ის გამოსაყენებლად უვარგისი ხდება“, – წერს ქურდაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები