ამირან სალუქვაძე: პრემიერის გადადგომას ითხოვდნენ „ბარიგების“ დაკავების გამო, სადმე გაგიგიათ?

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში, ამირან სალუქვაძე ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციებსა და შემდგომ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. ამირან სალუქვაძის შეფასებით, თუ მართლა იყო ინფორმაცია ნარკოტიკების შეტანასთან დაკავშირებით, აღკვეთა იყო გამართლებული. ამასთან, სალუქვაძე პარლამენტს მოუწოდებს, დააჩქაროს ნარკოკანონმდებლობის მიღება.

„ღამის კლუბების საქმიანობა უნდა ჩაჯდეს კანონის ფარგლებში. დაწერაც მეზარება ამ მარაზმზე. ღამის კლუბები არის ნარკობიზნესის სტრუქტურის ნაწილი მთელ მსოფლიოში. საუბარი იმაზე, რომ ნარკოტიკების გასაღება სხვაგან გადაინაცვლებს, იგივეა, ლილოს ბაზრობა და უბანში პატარა ჯიხური რომ შეადარო ერთმანეთს. მოიძიეთ ინფორმაციები, ნახეთ, რა ხდება სხვა ქვეყნებში. ამავე დროს, იმის აღიარებაა, რომ ღამის კლუბები ნარკოტიკების რეალიზაციის ბუდეა. ანუ გვეუბნებით დავტოვოთ კლუბებში და ვაკონტროლოთ? ვინც ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე საუბრობთ ან ტრიბუნას აძლევთ, კეთილი ინებეთ და მავნებლობის შესახებაც მიაწოდეთ ინფორმაციები. დააბალანსეთ ინფორმაცია, თორემ გადაგდით პროპაგანდაში.

პრემიერის გადადგომას ითხოვენ „ბარიგების“ დაკავების გამო? აბსურდი. სადმე გაგიგიათ? პოლიტიკოსები რომ მიეწებეთ აქციას – არ დაგასახელებთ – რა იფიქრეთ, მატარებელს არ ჩამოვრჩეო, თუ მათ უკან დგახართ? სრულიად სამარცხვინო ფაქტი – პრეზიდენტის ადმინისტრაციის იურიდიული დესანტი აქციაზე. ახლა დავრწმუნდი, რა იყო კონვეირული შეწყალებების მიზანი. სრული ლუსტრაცია. “თავისუფლებისათვის ბრძოლა” თავისუფლებისათვის დაღუპული ახალგაზრდების მემორიალზე ტინგიცით? სპეცოპერაციის ფორმას აპროტესტებთ, ნარკოპოლიტიკას თუ ბარიგების დაჭერას? მესამე გამოგივიდათ.

ნარკოპოლიტიკის შეცვლის მომხრე მეც ვარ, ოღონდ შეთანხმდით დოზებზე და სხვა საკითხებზე, თუ მართლა ამისთვის იბრძვით. სპეცოპერაციებიც არ მიყვარს, მაგრამ თუ მართლა იყო ინფორმაცია ნარკოტიკების შეტანასთან დაკავშირებით, აღკვეთა იყო გამართლებული. ამის გასარკვევად, არსებობს სასამართლო და უამრავი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც მიჰყვებიან პროცესს ბოლომდე.

ქვეყნის მთავარ ომბუდსმენს მოვუწოდებ მათი უფლებებიც დაიცვას, ვინც დაზარალდა ან ზარალდება ნარკოტიკების შემოდინებით და ენერგია მიმართოს ამ ნაკადების აღსაკვეთად სამართალდამცავი სტრუქტურების კონცენტრირებაზე და არა მის შესუსტებაზე, ნარკობიზნესის სტრუქტურის გამოვლენაზე.

პარლამენტს მოვუწოდებ, დააჩქაროს ნარკოკანონმდებლობის მიღება. აიღეთ რომელიმე ქვეყნის, მაგალითად, ჰოლანდიის მოდელი. როგორც ამ სფეროს კვალიფიციური სპეციალისტები მეუბნებიან, ერთ-ერთი წარმატებულია. ორგანიზაციები, რომლებიც მიმართული ხართ ნარკოპოლიტიკის შეცვლაზე და ფინანსდებით ამ კუთხით, ვალდებული ხართ, მოსახლეობას ნარკოტიკების მოხმარების მავნებლობაზეც მიაწოდოთ ინფორმაცია, იყოთ ორიენტირებული პრევენციაზე, თორემ, როცა ცალმხრივად მოქმედებთ, ლობიზმი გამოგდით.

და ბოლოს, თქვენ არ ხართ მთელი საქართველო, მისი ძალიან მცირე ნაწილის აზრსაც არ წარმოადგენთ და ნუ გვახვევთ თავზე ჩვენთვის მიუღებელ ცხოვრების წესს. ყველაზე მთავარი, ეს პოლიტიკოსებს გეხებათ: როცა თავზე გვახვევთ ფსევდოდასავლურ ღირებულებებს, ზუსტად იმათ წისქვილზე ასხამთ წყალს, ვისაც თითქოსდა ებრძვით – კრემლს ვგულისხმობ. ფსევდოდასავლური ღირებულებების თავზე მოხვევით, ახდენთ ნამდვილი დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციას.

ინფორმაციისთვის: გერმანიაში, 1992 წლიდან დღემდე, კრიმინალის ყველაზე დაბალი დონე დაფიქსირდა. ამისათვის არ ერიდებიან არც ჩვენი, არც სხვა ქვეყნების მოქალაქეთა მასობრივ გამოძევებას. საქართველოში ტურისტების 99.99% ნარკოტიკების მოსახმარად არ ჩამოდის აქ’’, – წერს ამირან სალუქვაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები