მამა პეტრე: რამდენი ყოფილხართ, როდის მოასწარით ასე გაუბედურება?!

მამა პეტრე კოლხი კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ განვითარებულ პროცესებს ეხმაურება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მორიგ პოსტს ის სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

„რამდენი ყოფილხართ?! როდის მოასწარით ასე გაუბედურება?! რა სტრესი შეგხვდათ ამ პატარა ასაკში?! რას გაურბოდით, სად გაურბოდით?! რაში კლავთ თქვენს ნიჭს და ენერგიას?! ვინ გასწავლათ, რომ ნარკოტიკი დეპრესიის უებარი წამალია?! რომელ ასაკში დავშორდით ერთმანეთს?! რა ეტაპზე ჩატყდა ჩვენ შორის ხიდი?! ჩემი თაობა უფრო ცუდად იყო… უფრო გვიჭირდა, უფრო ვიტანჯებოდით, უფრო გვავიწროვებდნენ, უფრო გვზღუდავდნენ… უფრო გვიკრძალავდნენ… კარგსაც, საუკეთესოსაც გვიკრძალავდნენ… არ იცოდნენ რატომ, მაგრამ ლამის სუნთქვასაც გვიკრძალავდნენ…

90-იანებში ნარკოტიკები ქუჩაში ეყარა, შპრიცებს ყველა ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდით… ვიღებდით და სანაგვეზე ვყრიდით… ყველა სირთულეს ჩვენც ვაპროტესტებდით, ჩვენც ვებრძოდით… ხან საჯარო ბიბლიოთეკაში ,,ვკაიფობდით”, ხანაც უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ბაღში ლექსებს ვკითხულობდით… ლაშქრობაზე დავდიოდით… სად არ ვმოგზაურობდით… დაზომბირებულ ეპოქაში ძალიან თავისუფლები, ლაღები და ერთმანეთით სავსე ვიყავით… თქვენ პირიქით, თავისუფალ გარემოში დაზომბირდით… ყვირით თავისუფლებას, მაგრამ სულს არტახები დაადეთ… საწამლავის პატარა აბში მოთავსდით და საზღვრები დაიწესეთ… ყვირით თავისუფლებას, მაგრამ ილუზიას დაემონეთ… გმობთ ძალადობას და ჩვენზე ძალადობთ! როდის, როდის გაძეგლდით?! „ – წერს მამა პეტრე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები