საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართა

ლისაბონში, საქართველოსა და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების მორიგი რაუნდი გაიმართა. კონსულტაციებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი და პორტუგალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის გენერალური დირექტორი პედრო კოშტა პერეირა უძღვებოდნენ.მხარეებმა საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგი განიხილეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიტიკურ დონეზე არსებული ურთიერთობები დადებითად შეფასდა. აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობა. განსაკუთრებული ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაზე გამახვილდა. ამ თვალსაზრისით, გამოიკვეთა ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და კომუნიკაციების, ასევე, ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის ინტერესი და მზაობა. მხარეები მიესალმნენ საქართველოსა და პორტუგალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს (Portuguese industrial Association – Chamber of Commerce and Industry (AIP-CCI)), ასევე საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის ბიზნესკონფედერაციას (Business Confederation of the CPLP (CE-CPLP)) შორის ხელმოწერილ ურთიერთგაგების მემორანდუმებს, რომელიც ხელს შეუწყობს როგორც ორმხრივ, ასევე, პორტუგალიურენოვან ქვეყნებთან საქართველოს ბიზნესურთიერთობების გააქტიურებას. ხაზი გაესვა კულტურისა და განათლების სფეროებში არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, რომელსაც დიდწილად, თბილისის ი. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში კამოეშის პორტუგალიური ენის ცენტრის წარმატებით ფუნქციონირება განაპირობებს. ცენტრი არა მხოლოდ ხელს უწყობს პორტუგალიური ენის შესწავლას, არამედ საქართველოში ლუზოფონური კულტურის გავრცელებასა და ხალხთაშორისი კავშირების გაძლიერებას ემსახურება.
კონსულტაციებისას, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობა. მხარეებმა მომავალშიც მჭიდრო ურთიერთთანადგომის მზაობა გამოხატეს. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. ვახტანგ მახარობლიშვილმა მასპინძელ მხარეს დეტალურად გააცნო ადგილზე არსებული უსაფრთხოების გამოწვევები და მძიმე ჰუმანიტარული გარემო, მცოცავი ანექსიისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები, რუსეთის მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან გაფორმებული ე.წ. ხელშეკრულებები. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის მხარდაჭერის გადამწყვეტ როლს საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივების განხორციელების პროცესში.
პორტუგალიურმა მხარემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა ურყევი პოზიცია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. ქართულმა მხარემ გამოხატა მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში (EUMM) პორტუგალიის მონაწილეობისთვის. კონსულტაციებისას, ვრცლად იქნა განხილული საქართველო-ევროკავშირის დღის წესრიგის საკითხები და ევროკავშირთან დაახლოების შემდგომი ნაბიჯები. პორტუგალიური მხარე საქართველოს მიერ ინტეგრაციის გზაზე წარმატებით განხორციელებულ რეფორმებს, მიღწეულ შედეგებს და სამომავლო გეგმებს მიესალმა. კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი უვიზო მიმოსვლის ამოქმედების, როგორც პრაქტიკულ, ასევე, პოლიტიკურ მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაციის მომავალ სამიტზე საქართველოს მოლოდინებს. ხაზი გაესვა საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მაღალ დონეს. უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე მსჯელობისას, ყურადღება გამახვილდა შავი ზღვის როლზე და ამ კონტექსტში, ნატოსთან საქართველოს თანამშრომლობის ასპექტებზე. მხარეებმა გლობალურ საერთაშორისო დღის წესრიგში არსებული აქტუალური თემებიც განიხილეს.
პორტუგალიაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა საგარეო საქმეთა და თანამშრომლობის სახელმწიფო მდივანს, ტერეზა რიბეიროს. შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა პორტუგალიის მთავრობის დადებითი დამოკიდებულება და მხარდაჭერა ორ ქვეყანას შორის, როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ, ასევე, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კონტექსტში. ასევე, შედგა ვახტანგ მახარობლიშვილის შეხვედრა პორტუგალიის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, რეჟინა ბაშტოშთან. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის საპარლამენტო ურთიერთობების გააქტიურებაზე.
კომიტეტის თავმჯდომარე ევროკავშირთან ურთიერთობებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ამ მიმართულებით, ქვეყნის მოწინავე პოზიციას მიესალმა. საქართველოს პორტუგალიურენოვანი ქვეყნების თანამეგობრობის (CPLP) ასოცირებული დამკვირვებლის სტატუსის გათვალისწინებით, საინტერესოდ წარიმართა შეხვედრა ორგანიზაციის აღმასრულებელი სამდივნოს გენერალურ დირექტორთან, ჯორჯინა ბენროს დე მელოსთან. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გამოხატა ქართული მხარის დაინტერესება და მზაობა, თანამეგობრობასთან სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები