ივანიშვილი: ის, რაც ჭარბად გამაჩნდა – ხალხის ნდობა – ხელისუფლებაზე მეტად მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა

“ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია: საქართველოს, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი!”,-ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული“ საქართველოს ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.

მან პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აღნიშნა, რომ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიუღია.

“რატომ ვბრუნდები პოლიტიკაში, მაშინ, როცა რამდენიმე წლის წინ საჯაროდ განვაცხადე, რომ ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მივიღებდი. რატომ გადავწყვიტე ახლა, კვლავ ჩავუდგე სათავეში იმ პოლიტიკურ პარტიას, რომელიც 2012 წელს დავაფუძნე და ჩემს ხალხთან ერთად შევასრულე ჩემს ცხოვრებაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საპატიო მისია – დავამარცხეთ და, დარწმუნებული ვარ, ქვეყნის მართვას საბოლოოდ ჩამოვაშორეთ მოძალადე და ხალხის მჩაგვრელი ხელისუფლება. ამის შემდეგ საკუთარი ინიციატივით გავედი აქტიური პოლიტიკიდან, რადგან ჩავთვალე, რომ ჩემი როლი საზოგადოების განვითარებაში უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა და დღესაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ის, რაც ჭარბად გამაჩნდა – ხალხის ნდობა – ხელისუფლებაზე მეტად მაშინ საზოგადოებას უფრო სჭირდებოდა.

მაშ ახლა რატომღა ვდგამ ამ ნაბიჯს, რატომ გახდა საჭირო პოლიტიკაში ჩემი დაბრუნება? ეს არის კითხვა, რომელზეც საზოგადოება ჩემგან მკაფიო პასუხს ელის და მეც მზად ვარ, გაგიზიაროთ ჩემი მოსაზრებები.

ვინც ახლოს მიცნობს, კარგად იცის, რომ ეს ჩემთვის საკმაოდ რთული გადაწყვეტილება არც დღევანდელი ხელისუფლების, არც „ქართული ოცნების“ და, მითუმეტეს არც ჩემი პირადი ინტერესებიდან გამომდინარე არ მიმიღია. ისევე, როგორც 2011 წლის ოქტომბერში, მიზანი ამჟამადაც იგივე და უცვლელია: საქართველოს, ხალხის და თითოეული ოჯახის კეთილდღეობა და ღირსეული მომავალი!”- განაცხადა ივანიშვილმა.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილი დღეს პარტიის მეხუთე ყრილობაზე აირჩიეს, რომელიც მთაწმინდაზე, „ანდერვილში“ გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები