ფრანკფურტში საქართველოს სტუმარი ქვეყნის პრესკონფერენცია გაიმართა

ფრანკფურტში 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პავილიონის კონცეფციის, 500 ლიტერატურული და 100 კულტურული ღონისძიების პრეზენტაცია გაიმართა. ბაზრობამდე ხუთი თვით ადრე საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის მესამე პრესკონფერენციას გერმანიის არქიტექტურის მუზეუმმა უმასპინძლა. საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა და პავილიონის სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ბოხუამ პროექტის პავილიონსა და მრავალფეროვანი პროგრამის დეტალებზე ისაუბრეს. ღონისძიებას წამყვანი გერმანული მედიის და ფრანკფურტის კულტურული ინსტიტუციების ხელმძღვანელები დაესწრნენ.
ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა ლიტერატურული პროგრამის მონაწილე ავტორები წარადგინა და პროექტის მთავარ სპიკერებად აკა მორჩილაძე ნინო ხარატიშვილთან ერთად დაასახელა.
საქართველოს პავილიონის მთავარი კონცეფცია 33 ქართულ სიმბოლოს ეფუძნება, რომლებიც დამთვალიერებელს დიდი ისტორიის თანამედროვე ქვეყანას გააცნობს. პავილიონში ინტეგრირებული იქნება სხვადასხვა შინაარსის რამდენიმე სივრცე, ყველა მათგანი ინფორმატიული და ინტერაქტიულია. დიზაინში კი აქტიურადაა გამოყენებული როგორც ქართული ორნამენტი, ასევე სპეციალურად ამ პავილიონისთვის შექმნილი ქართული შრიფტი. ქართველი მწერლები და არტისტები საკუთარი შემოქმედებით დიდ და პატარა სცენებზე წარდგებიან. პავილიონშივე იქნება გამოფენილი ქართული ლიტერატურის 300-მდე უცხოენოვანი გამოცემა და წიგნები საქართველოზე.
პავილიონის კონცეფციის მიზანია, რომ დამთვალიერებელმა მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოს როგორც თანამედროვე საქართველოს, ასევე მისი კულტურული მემკვიდრეობის შესახებ.
ქართული ლიტერატურა და კულტურა მთელი წლის განმავლობაში გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის 35-მდე გერმანულენოვანი ქალაქის ფოკუსში მოხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები