ხატია ბუნიათიშვილი ლონდონში, ელისაბედ დედოფლის დარბაზში დაუკრავს
დღეს სახელოვანი ქართველი პიანისტის, ხატია ბუნიათიშვილის კონცერტი ლონდონში, დედოფალ ელისაბედის დარბაზში გაიმართება.
როგორც „კვირას“ ლონდონიდან ჟურნალისტმა გიორგი ლალიაშვილმა აცნობა, ხატია ბუნიათაშვილის გამოსვლა საერთაშორისო საფორტეპიანო სერიების პროგრამის ნაწილია, რომელშიც მსოფლიოში ცნობილ პიანისტებს იწვევენ ხოლმე. ხატიამ შარშანაც დაუკრა ამ სერიაში და წლეულსაც მსგავსი პატივი ერგო.
„საერთოდ, ლონდონში განსაკუთრებით უყვართ მისი ხელოვნება და მუდამ მოუთმენლად ელიან მის კონცერტებს. ეს უდავოდ იმით არის განპირობებული, რომ ხატიას პიანიზმის დავიწყება მართლაც შეუძლებელია. მისი დამოკიდებულება კომპოზიტორის ქმნილებასთან, მუსიცირების მთელი რიტუალი იმგვარად ამაღლებულია, რომ კლასიკის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო ღვივდება და ფართოვდება. ის, რაც ორი ათეული წლის წინათ მონსერატ კაბალიემ და ფრედი მერკურმა გააკეთეს საოპერო ჟანრის პოპულარიზაციისა და დღეგრძელობისთვის, დაახლოებით იგივე მისიის შესრულება უწევს საფორტეპიანო მუსიკის სფეროში ხატია ბუნიათიშვილს. თუ ამიერიდან კლასიკის მიმართ ინტერესი სულ უფრო მზარდია, ამაში ქართველი პიანისტის დამსახურებაც უდავოდ საგრძნობია.
დღევანდელ კონცერტზე ხატია ბუნიათიშვილის შესრულებით ლონდონელი მსმენელი მოისმენს ბრამსის სონატას N3, ფა მინორი, ოპ 5, ჩაიკოვსკის ბალეტის „მაკნატუნას“ მიხედვით პლეტნევის მიერ საფორტეპიანოდ გარდაქმნილ სუიტას, ასევე ლისტის „ესპანურ რაფსოდიას“ S 254 და „დონ-ჟუანის რემინესცენციებს“ S 218 (მოცარტის შემდეგ).
„ამ ზაფხულს ხატიას კიდევ ორ კონცერტს ელოდება ლონდონელი მსმენელი: 3 ივნისს იგი „როიალ ფესტივალ ჰოლში“ დაუკრავს, 13 აგვისტოს კი „როიალ ალბერტ ჰოლში“ BBC PROMS-ის პროგრამით წარდგება.
მე დავესწრები დღევანდელ კონცერტს და მისგან მიღებულ შთაბეჭდლილებას სიამოვნებით გავუზიარებ „კვირის“ მკითხველს.“, – აღნიშნა გიორგი ლალიაშვილმა.