ბარაკ ობამამ ტრამპის გადაწყვეტილებას „სერიოზული შეცდომა“ უწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, ირანის ბირთვული შეთანხმებიდან აშშ-ის გამოსვლასთან დაკავშირებით, ბარაკ ობამამ „სერიოზული შეცდომა“ უწოდა.
„ამერიკისთვის არსებობს ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საკითხები, ვიდრე ბირთვული იარაღის შესაძლო გავრცელებაა. შუა აღმოსავლეთში მიმდინარე ომს, ბევრად უფრო გამანადგურებელი შედეგის მოტანა შეუძლია. სწორედ ამიტომ მოხდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, ერთობლივი, ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის შემუშავება”- აღნიშნა ფეისბუქ პოსტში ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ.
განცხადებაში ობამამ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის შეიარაღების სფეროში მრავალმხრივი შეთანხმება, რომელსაც გაეროს უშიშროების საბჭომ დაუჭირა მხარი, შეთანხმების შედეგად კი, ირანმა მოახდინა ბირთვული რეაქტორისა და ურანის ცენტრიფუგების ორი მესამედის დემონტაჟი, ასევე მოიშორა გამდიდრებული ურანის 97%.
ცნობისათვის, გუშინ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამერიკა ტოვებდა ირანთან არსებულ შეთანხმებას ბირთვული იარაღის თაობაზე. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ამერიკა ირანს კვლავ დაუწესებდა უმძიმეს სანქციებს, რომლებიც 2015 წელს ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე გაუქმდა.