მცხეთის ცენტრალურ სკვერში 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება
9 მაისი, 12:00 საათზე, მცხეთის ცენტრალური სკვერი (კლუბის ბაღი) 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.
მცხეთის საკრებულოს ინფორმაციით, ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები მემორიალს გვირგვინით შეამკობენ.
ღონისძიებაში მონაწილეობენ: ძალისის საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი “ქართლი”, ხალხურ საკრავთა ანსამბლი “კანდელი”, მცხეთის კულტურის ცენტრის ქორეოგრაფიული ანსამბლი “როკვა”, მცხეთის კულტურის ცენტრის მოსწავლე- ახალგაზრდობის ფოლკლორული ანსამბლი “მცხეთა”.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 73 წელი გავიდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. 1945 წლის 8 მაისს ვერმახტის კაპიტულაციის შემდეგ, ევროპაში მსოფლიო ომი დასრულდა, 9 მაისი კი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700000 ადამიანი წავიდა, აქედან ნახევარი უკან არ დაბრუნებულა. დაბრუნებულთაგან ყველას, ვინც გერმანელების ტყვეობას თავი დააღწია, – საკმაოდ ბევრს კი ოჯახებთან ერთად, – გადასახლებაში ცხოვრება მოუხდა. ომისა და ომის შემდგომი პერიოდის ამ საშინელებას გამოვლილები ბევრნი აღარ არიან.
მეორე მსოფლიო ომში საქართველომ პროცენტულად ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. ამ ომის ვეტერანებისთვის 9 მაისი უწინდებურად დღესასწაულია.