„მარო მაყაშვილი ჩემი ცხოვრების ჯილდოა“ –  რა შეარქვა ანა კალანდაძემ ნანა ღვინეფაძეს?

სოლოლაკში გაატარა ბავშვობა. და-ძმებს შორის ყველაზე უფროსი იყო და მათ მზრუნველობას არ აკლებდა… ზაფხულს ბებია-ბაბუასთან ზედა სიმონეთში ატარებდნენ… მერე, მოგონებები  ნარკვევებად გაცოცხლდნენ.  და მაინც, მარო მაყაშვილი, როგორც თავად ამბობს, მისი ცხოვრების ჯილდოა. წიგნმა „შარავანდედი“ სამუდამოდ შემოუნახა შთამომავლობას მე-11 არმიის წინააღმდეგ მებრძოლი მოწყალების დისმარო მაყაშვილის სახელი
წლეულს, 30 მაისს მისი დიდი თარიღია – 90 წელი უსრულდება…
პოეტი მთარგმნელი, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, თეატრმცოდნე, ნიკო ნიკოლაძის სახელობისა და საერთაშორისო პრემიის „ოქროს ფრთის“ ლაურეატი, „საქართველოს რესპუბლიკის“ ჯილდოს  – „ოქროს რტოს“ მფლობელი  ნანა ღვინეფაძე რუბრიკა „პერსონაში“.

და-ძმებში უფროსი იყავით. ოჯახში ტყუპები – დარეჯანი და დავითი იზრდებოდანენ,  ცნობილი გერმანისტი და მთარგმნელი რუსუდანი უმცროსია დედმამიშვილებში…  ზრუნვას არ აკლებდით მათ. ამის გამო  ანა  კალანდაძემ  ლოტე გიწოდათ. როდის გაიცანით ქალბატონი ანა?
– მინდა შევჩერდე „ცისფერ საღამოებზე“, რომლებმაც დიდი დაინტერესება გამოიწვია, როდესაც გამოვაქვეყნე ამბავი ახალგაზრდა შემოქმედთა სალონის თაობაზე. ეს იყო თაოსნობა ჩემი თანაკლასელისა და დღემდე განუყრელი მეგობრის, ნათელა ჯიბლაძის ოჯახის ჭერქვეშ დაარსებული სალონისა. სალონის წევრები იყვნენ, უპირველესად, მისი დის – თინა  ჯიბლაძის – თანაკურსელები, იმ დროს ხელგამართული ახალგაზრდა პოეტები, მათ შორის მარი აბრამიშვილი, კოტე ჩოლოყაშვილი… ანა კალანდაძე  თინა ჯიბლაძის მეგობარი იყო და ესწრებოდა ამ საღამოებს.

პირველკლასელი ნანა ღვინეფაძე

მათ ოჯახში გავიცანი „ცისფერი საღამოების“ წყალობით.  ჩვენს მაშინდელ მე-14 სკოლასთან ახლოს ცხოვრობდნენ ჯიბლაძეები, ერთ-ერთ ნარკვევს „ვარდისფერი მიმოზა“ დავარქვი. ეს მიმოზა სკოლის წინ იდგა.  ჯიბლაძეების ეზო  ქართული იყო და იმათთან გამართული საღამოების გავლენით დავარქვი ნარკვევს „ვარდისფერი მიმოზა“. ახლახან  გია ჩაჩანიძემ ძალიან საინტერესო კრებული გამოსცა ჩვენს სკოლაზე.  ამ წიგნში შეტანილ ჩემდამი მოძღვნილ მონაკვეთს დართული აქვს ეს  ნარკვევი.
ჩემი ძმაც მაგ სკოლაში სწავლობდა და ოქროს მედალზე დაამთავრა.  მეც ოქროს მედალზე ვამთავრებდი, მაგრამ  რაღაც შარი გამონახეს და ვერცხლად შემიცვალეს…
ანა კალანდაძე ჯიბლაძეების ოჯახში გავიცანი. მათ ჭერქვეშ ვეზიარე ანა კალანდაძის პირველ დაუვიწყარ ლექსებს, რომლებსაც ხელნაწერის საშუალებით ვავრცელებდით მერვე-მეცხრეკლასელი გოგონები.  იქ მიმყავდა ხოლმე ჩემი ტყუპი და-ძმა: დარეჯანი და დათო. ქალბატონ ანას ძალიან უხაროდა, რომ ასე ვპატრონობდი და-ძმას. მან ლოტე შემარქვა.
მახსოვს ანასთან პირველი შეხვედრა. გავისეირნოთ სადმეო, მითხრა. სხვათა შორის, ქალაქგარეთ უყვარდა გასვლა. გავისეირნეთ საგურამოს არემარეზე. მაშინ მუზეუმი არ იყო, ერთი პატარა ლექსი დავწერე კიდეც.
იქ აღარ წავიყვანე ჩემი პატარა და-ძმა, რადგან ფეხით სასიარულო გვექნებოდა. სად არიან შენი და-ძმაო, მოიკითხა. გაზაფხულისპირი იყო და საინტერესო უცნობი მცენარეები თვალს გვტაცებდნენ. მოწყვეტდა ერთს, მეორეს და კითხულობდა, ნეტა ეს რა არის, რა ჰქვიაო. ასე მკითხობა – მკითხაობით და ღიმილ-ღიმილით გავატარეთ ერთი ძალიან ლამაზი დღე.

ნანა და რუსუდან ღვინეფაძეები

მერე მე დავბეჭდე გაზეთში სტატია: „მახსოვს ცისფერი საღამოები“, რასაც გამოეხმაურნენ მურმან ლებანიძე, კოტე ჩოლოყაშვილი. ეს ნარკვევები რომ გაიცნო, დიდი მადლობა გადამიხადა მურმან ლებანიძემ.
ამ საღამოებზე გავიცანი პოეტი მარი აბრამიშვილი, რომელიც რამდენიმე წლის შემდეგ იმ ქართველ ახალგაზრდებთან ერთად, თავისუფლებას რომ ესწრაფოდნენ, ციმბირში გადაასახლეს. შემდეგ, 1995 წელს, დავწერე მასზე ნარკვევი; გადასახლებიდან დაბრუნებული პოეტი ვაგლახად არავის იღებდა, რაკი ვახსოვდი ჯიბლაძეების ოჯახიდან, ანგარიში გამიწია და მიმიღო. მიამბო მთელი თავისი თავგადასავალი. მასზეც მოგვიანებით ნარკვევი დავწერე…
–  პირველი ლექსები…
– პირველი ლექსი?! იქნებ არც დაიჯეროთ – ვერა და ვერ გავიხსენე. ახლახან ზაალ ბოტკოველიც მესტუმრა! ვერა და ვერა! წიგნი კი გახლავთ „მთაო“ – ჰოდა, პირველებიც იმაშია!
საერთოდ, – ლექსი დაიწყო დედის მონაყოლზე – პატარაობაში ის ოჯახის მამიდის თაოსნობით მღვიმევის მონასტერში იზრდებოდა – ჭიათურის მთაზე (საშევარდნოზე) იყო ეს ეკლესია, ღრმა მღვიმეში!.. ანუ ბნელეთში! ხნიერი მონაზვნები შეემუდარებოდნენ გოგონას – „ვარდიკო, მოგვიტანე  ბნელეთიდან წყალი“!.. და ისიც დაუზარებლად, უშიშრად ასრულებდა ამ თხოვნას! თვითონ კი სამრეკლომ უფრო მიიზიდა – ადვილად აითვისა საცისკრო ზარით გარემოს გაღვიძება!
…დიდი ლექსი ვუძღვენი დედის ნაამბობს, რომლის ბოლოსაც ძლივს ვიხსენებ – (ლექსების დიდი რვეული ვინმე ხელმრუდმა მომპარა „სახალხო განათლებაში“ მუშაობისას!..)

დეიდაშვილებთან ერთად; დგანან: დავით ღვინეფაძე, ნანა ღვინეფაძე, იზა ალადაშვილი; სხედან: დარეჯან ღვინეფაძე, ვაჟა ალადაშვილი, რუსუდან ღვინეფაძე.

„იესო ქრისტეს მოძღვრება
ბავშვობიდანვე იწამე! –
და ღმერთი ნაოცნებარი
ჩამოიყვანე მიწაზე!“

…ოთხწლედიც ჭიათურის სკოლაში გაიარა! სხვა მაშინდელი ლექსი ვერა და ვეღარ გავიხსენე! – თუმცა აგერ ახლა, გაზეთში წავიკითხე რჩევა: სტიმულატორების შესახებ – 10 წუთი ხტუნაობა ყოფილა „საშველი“ – მეტი არაა ჩემი მტერი!
– „სახალხო განათლებაში“ მუშაობისას მოგიძღვნათ რასულ გამზათოვმა ლექსი. მაშინ იგი პირველად ჩამოვიდა თბილისში…
– „სახალხოში“ მუშაობის დროს ხუტა ბერულავამ და თეიმურაზ ჯანგულაშვილმა რასულ გამზათოვი მოიყვანეს სტუმრად. ოთარ ქინქლაძე და რეზი თვარაძე მუშაობდნენ იქ. რედაქციასთან ლამაზი, ტირიფებიანი ბაღი იყო. ამ ბაღში გაგვაცნეს. პოეტის პირველი ჩამოსვლა იყო საქართველოში, ეტყობა, მოვახდინე  შთაბეჭდილება და მაშინ მომიძღვნა რასულმა ლექსი, რომელიც დაიბეჭდა მერე. მერე გრიგოლ აბაშიძემ ჩამომიტანა ამბავი მოსკოვიდან, ნანა, შენზე რა კარგი ლექსი დაუწერია და იბეჭდებაო.
ნათელა ურუშაძემაც ჩამომიტანა მოსკოვიდან ამბავი. მერე რასულმა ჟურნალი გამომიგზავნა ავტოგრაფით. აი, ეს ლექსი:

ნანა  ღვინეფაძეს

ნანა ღვინეფაძე – ქეთევან მაღალაშვილის ნახატი

ძვირფასო ნანა, შენი თბილისი
მომხიბლავია, კარგი საერთოდ,
მაგრამ არ მინდა ახლა მე მისი
მშვენიერებით დავტკბე, გავერთო.

არ მინდა არც ის კედლები წმინდა,
ადრე რომ ჰქონდა თბილისს დიდ ფარად.
მე იმ ვარსკვლავებს ვუმზირო მინდა,
შენ წამწამებით რომ დაგიფარავს.

იმის მიზეზიც იქნებ აქ არი,
იქნებ იმ ცეცხლსაც კერა არ ჰქონდა,
ჩემი უხეში, ბრგე წინაპარი
საქართველოსკენ რომ ისწრაფოდა.

როგორ ეცხოვრა წყნარი ცხოვრებით,
როგორ ჰქონოდა მას სხვა მოქცევა,
თუკი შესძლებდა დაუცხრომელი
შენამდე ბეწვის გზებით მოღწევას?!

ამ გაშმაგებით რა მოელოდა,
არც იფიქრებდა ალბათ იმაზე.
იმ დროში მეც კი საქართველოდან
გავიტაცებდი განთქმულ ლამაზებს.

თვალციმციმები ცხენზე გაკრული
იმ ჩემს წინაპრებს მიჰყავდათ მთებში, –
მიტომ არიან ალბათ განთქმული
დაღესტნელები ქართული ეშხით.

თარგმნა   გიორგი  კაჭახიძემ

2003 წელი, დაჯილდოება „ოქროს ფრთით“

– შემოქმედებითად ძვირფასი წუთები ე.წ. პიონერთა სასახლეში გაგრძელდა…
– …ჩემი მეხსიერება ჯერ კიდევ სწვდება შორეთს! რა უნდა გაგვხარებოდა ისეთი, რაც მოსწავლეთათვის ე.წ. პიონერთა სასახლის გახსნა იქცა.
სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა – სამამულო ომის დაწყებაზე მოგახსენებთ! და მაინც, სასახლე ჩვენთვის  მეორე სახლად, მეორე სკოლად იქცა!
ერთდროულად ჩავებით თანაკლასელები როგორც ლიტერატურულ წრეში, ისე მხატვრული კითხვის კაბინეტში, რომელსაც საბავშვო მწერალი ქ-ნი ნანა ღვინიაშვილი თაოსნობდა. ლიტერატურის კაბინეტს ჩინებული ლიტერატორი ქეთევან ანანიაშვილი უძღვებოდა, მას გვერდით ედგა ძველი სწავლული – ილია გეგეჭკორი…
ეს ხელს უწყობდა ერთობლივი საღამოების გამართვას – მაშინ სრულიად ახალგაზრდები – ნოდარ ჩხეიძე და ვახტანგ სულაქველიძე თაობდნენ ისეთი არტისტების მოწვევას, რომელთა ცხადად ნახვა გვენატრებოდა – ნუცა ჩხეიძე, გიორგი დავითაშვილი, ვერიკო ანჯაფარიძე.

ანა კალანდაძე და ნანა ღვინეფაძე

მათ შესახებ ხშირად ეროვნულ ბიბლიოთეკას ვაკითხავდი, სადაც უკვე კარგად მიცნობდნენ და ჩემი ლექსების „ნატეხებითაც“ მეგებებოდნენ. განსაკუთრებით მოსწონდათ ნუცა ჩხეიძისადმი მიძღვნილი ლექსის ბოლო – მერვეკლასელი ვიყავი, შეხვედრის წამყვანიც, მომხსენებელიც და ლექსის ავტორიც.

„ქართულ სცენის სიამაყევ,
დიდება ხომ გერგო წილად,
ჩვენი სცენის უხუცესო –
ხელოვნების ნინო წმინდავ“!

– ცხოვრებაში ყოფილა კურიოზიც…
–  მოგზაურობა მიყვარს, ანუ მიყვარდა. ერთმა ფოტოსურათმა, ჩემს მაგიდაზე რომ მოჰკრა თვალი პოეტმა ტაგუ მებურიშვილმა, ლექსი დააწერინა, რომელიც მის წიგნშიცაა (1971წ) „ეფესი“.
„მინაწერი სურათზე, რომელიც ჩემს მეგობარს თურქეთში ყოფნის დროს ეფესის ძველბერძნულ თეატრონზე გადაუღია:

„შენ ქართველი ხარ, და ეს ეფესი
გაგონებს არმაზს, ზარზმას, ბაგინეთს…
შენ ქართველი ხარ, და ეს სვეტები
ბედის სიმუხთლით ვერ გაგაკვირვებს.“

ავტოგრაფში ჩემი სახელიცაა, გამომცემლობაში სახელის ხსენება ეუხერხულათ თურმე! წიგნში არ შეიტანეს არც ის, რომ ეძღვნება ნანა ღვინეფაძეს და არც ტექსტში არ დატოვეს ნანას სახელი, ნანა შეცვალეს ასე – „შენ ხარ ქართველი“…

ლამარა ცეცხლაძე, ნანა ღვინეფაძე და ნათელა ჯიბლაძე – მერვეკლასელები

– ზედა სიმონეთი თქვენი სოფელია. ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ და ზაფხულს იქ ატარებდით…
– თერჯოლის რაიონის ზედა სიმონეთში, სერგო და დავით კლდიაშვილების მუზეუმის საკარმიდამოს თავში წმ. გიორგის ეკლესია და სამრეკლოა, უფრო ზევით უნაგირა მთაზე ნანგრევიღაა, ასევე წმ. გიორგის სახელობის ეკლესიისა – მათ შორის „ნათესაობაზე“ სოფელში არაერთი არაკი გამიგონია. ამით პროფესორი ზურაბ ჭუმბურიძეც დაინტერესდა და მეგზურობა გაუწია დავითის დის – ქ-ნ კეკელა ღვინეფაძის მრავალმხრივ განათლებულმა შვილიშვილმა თემურ ღვინეფაძემ: მე კი გავლექსე ამბავი ესე!.. გამოყენებულია ქვები, რომელიც ზემოთ მთაზე ნანგრევებადაა შემორჩენილი. მისი ქვები გამოყენებულია სოფლის ეკლესიაში, რომელიც მუზეუმს დაჰყურებს თავზე.
…ნამეტანი გაინავარდესო! – იმერულად რომ ვთქვათ!.. ასე სცოდნია მოგონებებში „გასეირნებას“!
ახლა იმასაც მივუბრუნდეთ, რა და რა ისტორიული ძეგლი მინახავს და წერტილის დასმას ჯერ არ ვაპირებ. სია შევადგინე, 100-ს გადააბიჯა – მათ სატკივარზე არაერთი წერილი დამიწერია! განსაკუთრებით ვაქცევდი ყურადღებას სარესტავრაციო სამუშაოთა ოსტატების ხელობას – „ღვთისმშობლის იარა“ დავარქვი ნარკვევს – ყინწვისის მონასტერში რომაა. კამარში – მონღოლური ისრის წვერით დაზიანებული თვალი მარიამისა! – ფაქიზად, დათმენით მუშაობდა – მკურნალივით ფრთხილობდა იშვიათი ხელოვანი შალვა აბრამიშვილი – როცა ჩემი ნარკვევი „ღვთისმშობლის იარა“ დაიბეჭდა (ახალგაზრდულ გაზეთში) – წერილი მომწერა სამადლობელი – ეს მოთხრობა არის! გამიხარდა, მანაც რომ ფრიადზე შეაფასა ჩემი ნაკალმარი.
რაც მან ვერ მოასწრო, მისმა მოწაფეებმა განაგრძეს, მათ კარლო ბაკურაძე ხელმძღვანელობდა – ისიც მისებრ ხელფაქიზი ადამიანი.

საგურამო. ილიაობა

–   წიგნით „შარავანდედით“ შთამომავლობას სამუდამოდ შემოუნახეთ  მე-11 არმიის წინააღმდეგ მებრძოლი მოწყალების დისმარო მაყაშვილის სახელი… როგორ დაიწერა ეს წიგნი?
მარო მაყაშვილი – ჩემი ცხოვრების, ასე ვთქვათ, ჯილდოა.  მერე გამოფხიზლდნენ ისინი, ვისაც ეგონათ, რომ ეს უნდა მოეფიქრებინათ და მე რომ დავასწარი, ამან ძალიან მძიმედ იმოქმედა მათზე. ეს წიგნი წიგნად ჯერ არ იყო გამოქვეყნებული, როცა 1990 წლის თებერალში, შაბათის ნომერში, გაზეთს ჯერ კიდევ „კომუნისტი“ რომ ერქვა,  გამოვაქვეყნე ვრცელი ნარკვევი  „შარავანდედი“.  ჩვენები გავაფრთხილე, იცოდეთ, რომ ვწერ დიდ ნარკვევს, გამოქვეყნებაში ხელი არ შემეშალოს-მეთქი. წინდაწინ არ გავამხილე…
დავდიოდი მაყაშვილების ოჯახში, ვესაუბრებოდი ოჯახის წევრებს. უმცროსი და იყო ცოცხალი, რომელიც არ მოსწრებია მაროს, და მაროზე უფროსი იყო ძმა – მხატვარი შალვა მაყაშვილი, რომელსაც კარგად ახსოვდა მარო.
დღიური ნუგეშამ მე მანდო, მანამდე არავისთვის არ მიუცია. დედის პატარა ზარდახშიდან ამოიღო, დედას უთხოვია ნუგეშასთვის სიკვდილის წინ, ამაში იყოსო. ეს მე მაჩვენა პირველად ნუგეშამ და გამოვიყენე, უკეთესს რას გამოიყენებდი მაროს დღიურიდან? დაიძრა რადიო ტელევიზია, რომ ჩემგან ინტერვიუ აეღოთ. აღნიშნავდნენ ტელე და რადიოგადაცემებში.

ძმისშვილებთან ერთად

უკვე წიგნი შედგენილი მქონდა და ვეძებდი გამომცემელს, მაშინვე ვერავინ ითავა დაბეჭდვა, რადგან გამოსაცემი თანხა თავად უნდა გადამეხადა, და რომ იტყვიან, ოთუსბირი ჯდებოდა.
ვიდრე მე ვეძებდი წიგნის გამოცემის გზებს, ამასობაში ეს დღიური სხვებმა გამოსტყუეს ნუგეშას…
პატარა დღიური გამოსცა არჩილ სულაკაურმა… და მე მოვდივარ სამსახურიდან, ტროლეიბუსის გაჩერებაზე ნუგეშა მაყაშვილი და თამარ ერისთავი შემხვდნენ. ნუგეშამ მითხრა, არჩილმა გამოსცა, მაგრამ ჩემი წინასიტყვაობა დავურთე და იქ ვამბობ, რომ შენ ხარ ამის წამომწყებიო. მე მაინც ფერი მეცვალა. თამარმა, ცხონებულმა, ცხონებულს უთხრა, ნანა შეწუხდა ძალიან და ასე რატომ უთხარიო. კინაღამ წაიქცაო…
წიგნს ყდა არ ჰქონდა, დანარჩენის საფასური გადავიხადე  ჩემი ხელფასით და ჰონორარით. ასე ვთქვათ, ბეჭდვაში ძალიან დამეხმარა გივი თედეიშვილი. „საქართველოს რესპუბლიკის“ კორესპონდენტი ცხინვალიდან.

ჯვარი. 1967 წ. იუგოსლავიელი სტუმარი (მარჯვნივ)

მწერალთა კავშირის თავმჯდომარედ ახალი დანიშნულია ცხონებული გურამ ფანჯიკიძე. მივედი მწერალთა კავშირში, გურამი არის, მაგრამ მდივანი არ მიშვებს, ხალხი ჰყავსო, ამ ამბავმა დიდხანს გასტანა. ვზივარ… ველოდები… არც კი დაურეკა მდივანმა, უცბად გაიღო კარი და გურამმა გამოიხედა, შენ აქ რა გინდაო? როგორო, ნანა მელოდება ღვინეფაძე და არ მითხარიო? მობრძანდი, მობრძანდიო, შემიყვანა… რომ გაიგო, ყდის თანხა აღარ მქონდა, გურამ გვერდწითელს გადასძახა, შენ რომ საყდე მასალა გამოგიწერე, იქიდან ნანას თეთრი ატლასი მიეცი, რამდენიც დასჭირდებაო,
მერე მე მომიბრუნდა და დამამშვიდა, აღარ იღელვო, ეს საქმე მოგვარდებაო.
წამოვედი გახარებული.
მერე დამირეკეს ქაღალდზე, ამა და ამ დღეს მოდით, თუ შეძლებთ მანქანითო, დამხმარე წამოიყვანეთო. ჩემი პატარა ძმისწული წავიყვანე. ტაქსი ვიშოვეთ…  დააყენა დათა ასე ხელებგაწვდილი და ასე ხელებზე გადაუფინეს ქაღალდები.  გამოვედით ხელდამშვენებულნი, 100 ფურცელი გამოგვატანა, ჩავსხედით და იმ სტამბისკენ წამოვედით, სადაც ჩამოიბეჭდა… მძღოლს შეეშალა და მოშორებით გააჩერა, საიდანაც აღარ ხერხდებოდა სტამბასთან მისვლა. დათამ გაშლილი ხელებით შვილივით მიიტანა გამომცემლობაში ქაღალდი.

მხედარი – ცნობილი ჟურნალისტი, აწ განსვენებული გივი ჭელიძე.

ნახევარი კვარტლის  ფეხით გავლა დაგვჭირდა. ძალიან მოეწონათ და ჩასვეს ყდაში. გურამ ფანჯიკიძეს კი ამ ექსპრომტით
გადავუხადე მადლობა:

„მოგამადლოს უფალმა
სიხარული ათასი,
შენ შემოსე ჩემი წიგნი,
შენ ჩააცვი ატლასი“.

1996 წელი იყო. დიდი გამოხმაურება მოჰყვა, დავურთე კიდეც ბიბლიოგრაფია. მას მერე კიდევ შევმატე… მეორე და მესამე გამოცემაც მოჰყვა. წლიდან წლამდე გამოქვეყნებული ნარკვევი წიგნად აიკინძა და სამჯერ გამოიცა სათაურით: „შარავანდედი“, ანუ „მარო მაყაშვილის ხატი სხვადასხვა შუქ-ჩრდილში“, რასააც დღიურის ფურცლებიც დაერთო.
ამაზე „მოუშუშებელ ჭრილობაშიც“ ვწერდი 2005 წლის „საქართველოს რესპუბლიკაშიც“, სადაც თითქმის 30 წელი ვიშრომე.
„შარავანდედის” მესამე გამოცემისათვის უაღრესად ვემადლიერები გამომცემლობა „პეგასს” –  მომეცა საშუალება ახალი ეპიზოდების ლექსების და ფოტოების შემატებისა; მეტადრე სანუკვარია მაროს უცნობი სურათი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის მუზეუმში რომ აღმოუჩენია მაროს განცხადებასთან ერთად მუზეუმის გამგეს ბატონ ზურაბ გაიპარაშვილს. გადავახალისე მაკეტიც.

დები – დარეჯანი, ნანა და რუსუდანი

„პეგასის“ მიერ განახლებული ექსპოზიციითა და ვრცელი ბიბლიოგრაფიით გამოცემული წიგნის წარდგინება სამების ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა 2010 წელს, ქალბატონი ნუგეშა უკვე ავადმყოფობდა და მაინც მობრძანდა.
–  ანა ახმატოვას ნარკვევი უძღვენით… მისი ლექსებიც თარგმნეთ…
– 1989 წელს ანა ახმატოვას 100 წლის იუბილე იყო, ქართულ პარალელებზე მოხსენებით გამოვედი პეტერბურგში გამართულ საიუბილეო კონფერენციაზე.  იქ საიუბილეო გამოფენის ექსპოზიციის ავტორი ბადრი მარღიშვილი გავიცანი და მან წაგვიყვანა სოფელ კომაროვოში, სადაც ისვენებდა ახმატოვა, თვითონაც იქ დაიკრძალა. არა სადმე გამორჩეულ სასაფლაოზე, ასეთი ადგილი  პეტერბურგში მრავლადაა. მეო იქო, თქვა  და მართლაც ის დიდი ჯვარი საგანგებოდ დაუდგეს. ჩვენ რომ ვიყავით, მოფენილი იყო საფლავი რვეულის ფურცლებით თუ რვეულებით, რუსეთის სხვადსხვა კუთხიდან ჩადის ახალგაზრდობა და მის სულს ეგებება. გადავიღეთ რამდენიმე სურათიც.

სტუმრად ლადო გუდიაშვილთან

– მფრინავობაზე ოცნებობდით ბავშვობაში…
– 8 მარტი მომილოცეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლიდან. საინტერესო შეხვედრა იყო, ერთმა ბიჭუნამ მკითხა, ბავშვობის ნატვრა რა იყოო და მფრინავობა-მეთქი.
რუსი მფრინავი ქალების –  გრიზოდუბოვას,  ოსიპენკოსა და რასკოვას  ფრენის ისტორიამ ძალიან გამიტაცა.არც ისე იოლი იყო, რაღაც ფათერაკები შეემთხვათ, მაგრამ გადარჩნენ და დაბრუნდნენ მშვიდობიანად. მინდოდა, რომ იმ მიუწვდომელ მხარეში, როგორიც ჩუკოტკაა, როგორმე მეც დავუფლებოდი ამ ხელოვნებას. ეს იყო მე-4 კლასი. გაოცებული დარჩა ის ბიჭუნაც.
– თქვენი შემოქმედება სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთში ქვეყნდებოდა… გამოაქვეყნეთ ბიძის-დავით ღვინეფაძის ფრონტული დღიურის ფრაგმენტებიც…
–  „ცისკარში“ ხშირად დაბეჭდილა ჩემი ლექსები… ადრინდელები, რაკი აინტერესებთ ჩემს მკითხველებს, აგერ ქუთათური „განთიადი“ შემომეგება (მთავარი რედაქტორი ავთანდილ ყურაშვილი) №11-12.
1995 წელს ქუთაისშივე გამოვაქვეყნე ბიძის, ცნობილი ქირურგის დავით ღვინეფაძის ფრონტული დღიურის ფრაგმენტები, რომელიც ოჯახმა მე მომანდო.
ფრიად საინტერესოდ აღწერდა დავით კლდიაშვილის დის  –  კეკელა კლდიაშვილი-ღვინეფაძის  ვაჟი – ქირურგი დავით   ღვინეფაძე ფრონტულ ამბებს – ვაპირებდით, წიგნადაც გამოგვეცა, მოვაწესრიგეთ, თითქოს არაფერი უშლიდა ხელს ამ საქმის აღსრულებას, – რომ არა ერთი არასასიამოვნო რეპლიკა,  რომელმაც წლიური გეგმის დასამტკიცებლად  შეკრებილთა ყურადღება შეაკრთო:  „რა საჭიროა მკვდარი კაცის მოგონებათა გამოქვეყნებაო?!“
ეს იყო ოჯახის ახლობელი ადამიანის შეხედულება. არ ვიცი, იგი ცოცხალია თუ მკვდარი, მაგრამ ალბათ უშუალო მემკვიდრეებს უფრო გააკვირვებს ასეთი „შეფასება“. ღმერთმა ინებოს ამ საქმის გამოსწორება.
დავით და აწ უკვე სერგო კლდიაშვილების სახელობის სახლ-მუზეუმის მესვეურმა ლალი ღვინეფაძემ – თენგიზ ღვინეფაძის ასულმა დიდი გატაცებით მოჰკიდა ახალ პროფესიას ხელი (თორემ ექიმია განათლებით) – ჰოდა, სახლ-მუზეუმიც უფრო გაიმართება წელში – ნამდვილი იმერული ოდა.

– ერთი ლექსი…

 სიყვარულის მარანი

ნეტავ ისევ ერთად ვიყოთ, –                           
ჯვარს ვიწერდეთ საყდარში;
გავატაროთ დღენი ჩვენნი
მზიანში თუ ავდარში;

მოვიაროთ საქართველო
ძველებური ხალისით, –
მერცხლებივით ავაშენოთ
ჩვენი ბუდე ალიზით;

მშობლიურად მოგვინატრებს
ჩვენი ქვეყნის მთა-ბარი,
რომ დავწეროთ კიდევ ერთი
სიყვარულის ზღაპარი!

…………………………..

ჭირი იქა, ლხინი აქა, –
ჩაიკითხავს მავანი:
სიყვარულით აივსება
ჩვენი ლექსის მარანი!..

29.04.2011

(„სიზმარეული რკალიდან“ – ჩაწერილია დილით, ბრიტანეთის პრინცის – უილიამის და ქეით მიდლტონის ქორწინების ფონზე)

 

 

 

 

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები