მოსკოვში პოლიციამ ალექსეი ნავალნი დააკავა
ქუჩის საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, მოსკოვში რუსი ოპოზიციონერი – ალექსეი ნავალნი და ასობით მისი თანამოაზრე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
ვლადიმერ პუტინის ინაუგურაციამდე ცოტა ხნით ადრე, ალექსეი ნავალნიმ მოსახლეობას ქუჩებში გამოსვლისკენ მოუწოდა და პუტინის ავტოკრატიული რეჟიმის გასაპროტესტებლად დარაზმვა სთხოვა. მობილიზაცია რუსეთის ფედერაციის 90 მსხვილ ქალაქში გამოცხადდა, სადაც ხალხი ქუჩებში გამოვიდა.
საპროტესტო აქციის დაწყებიდან სულ ცოტა ხანში, ალექსეი ნავალნი მოსკოვში, პუშკინის სკვერში პოლიციამ დააპატიმრა. ის პოლიციელებმა მიკროავტობუსში ჩასვეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. ნავალნის გარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვლადიმერ პუტინის მმართველობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქციის ასობით მონაწილეა დაკავებული.