პროკურორი: ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორი დანა ფიგურირებს

პროკურორ ზვიად ფხაკაძის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ორი დანა ფიგურირებს და ეს დასტურდება არამხოლოდ სამხარაულის ექსპერტიზით, არამედ სხვა დასკვნებით და მოწმეთა ჩვენებებით.
როგორც პროკურორმა ჟურნალისტებს განუცხადა, იდენტიფიცირებულია ის დანა, რომლითაც მოხდა დავით სარალიძეზე სასიკვდილო ჭრილობის მიყენება.
„იდენტიფიცირებულია ის დანა, რომლითაც მოხდა დავით სარალიძეზე სასიკვდილო ჭრილობის მიყენება, მაგრამ არ მინდა გაგებული იყოს, თითქოს მხოლოდ ეს ჭრილობა იყო სასიკვდილო. დავით სარალიძეზე არის რამდენიმე დაზიანება გულმკერდისა და მუცლის ღრუს არეში. ექსპერტის დასკვნით დასტურდება, რომ შესაძლებელია ეს დაზიანებები გამოწვეული ყოფილიყო არამარტო ამ დანით, რომელმაც სასიკვდილო დაზიანება გამოიწვია, არამედ სხვა დანითაც, მათ შორის იმ დანით, რაც გამოძიების სტადიაზე იქნა ამოღებული. ამ ექსპერტიზის დასკვნით, არ დგინდება და ვერც დადგინდება თუ რამდენი დანა იყო გამოყენებული. ექსპერტიზა გვაძლევს შესაძლებლობას, გავარკვიოთ, ჭრილობისას რა სახის დანა ან მჩხვლეტავი საგანი იყო გამოყენებული. მაგრამ საქმეში ორი დანა რომ ფიგურირებს, დადასტურებულია არამხოლოდ ამ დასკვნით, არამედ სხვა დასკვნებითაც და მოწმეების ჩვენებითაც“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
ამასთან, ზვიად ფხაკაძე ამბობს, რომ გუშინ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის დროს, ერთ-ერთი გარდაცვლილის მამას ზაზა სარალიძეს შეხვდა და ექსპერტიზის შედეგები განუმარტა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები