ქართველი სამხედროები ავღანეთში „დელტას” მიერ დამზადებული ეკიპირებით მიემგზავრებიან (ფოტოკოლაჟი)

ქართველი მშვიდობისმყოფელების ავღანეთში გაცილების ცერემონია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად გორში, I ქვეითი ბრიგადის ბაზაზე გაიმართა. I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი და II ქვეითი ბრიგადის 21-ე ბატალიონის ნაკრები ასეული „დელტას“ წარმოებული ჯავშანჟილეტებითა და ჩაფხუტებით აღიჭურვა.

გაცილების ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში ელიზაბეთ რუდი დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედროებს და მათი ოჯახის წევრებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნისთვის მისიის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. სამხედროებს სიტყვით აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებემლმა ელიზაბეთ რუდმაც მიმართა. ამერიკელმა დიპლომატმა ავღანეთის მისიაში ქართველი სამხედროების უდიდეს წვლილზე ისაუბრა და მათ სიმამაცისა და თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

გაცილების ცერემონიალის დასასრულს დეკანოზმა დავითმა პირადი შემადგენლობა დალოცა და მშვიდობით დაბრუნება უსურვა.

გასულ წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ „დელტასთვის“ შეკვეთილი 5 მილიონ ლარამდე ღირებულების საერთო-საჯარისო დანიშნულების ჯავშანჟილეტებისა და ჩაფხუტების დამზადებისა და მიწოდების პირველი ეტაპი წარმატებით შესრულდა. პროდუქციის ტექნიკური მონაცემები ნატოს ქვეყნებში მიღებული სტანდარტების შესაბამისია და საქართველოს შეიარაღებული ძალების მოთხოვნებს სრულად ერგება; ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს როგორც შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ინდივიდუალური დაცვის სისტემების უნიფიცირებას, ასევე მათ თანამედროვე, უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას.

I ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი ავღანეთში მყოფ III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს და ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, აშშ-ის სარდლობის დაქვემდებარებაში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას შვიდი თვის განმავლობაში შეასრულებს. ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების დაცვა იქნება. 21-ე ბატალიონის ნაკრები ასეული კი, მომავალი 7 თვის განმავლობაში ქაბულში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მთავარ შტაბბინას დაიცავს. დანაყოფი რეინჯერთა ბატალიონის ნაკრებ ასეულს ჩაანაცვლებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები