მამუკა ბახტაძე მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტის ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, სირილ მიულერს შეხვდა.
როგორც „კვირას“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, მამუკა ბახტაძემ მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების მხარდაჭერისა და იმ დახმარებისთვის, რომელსაც მსოფლიო ბანკი ქვეყანაში სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებით ახორციელებს. საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის მიერ მხარდაჭერილი საინვესტიციო პროექტების მიმდინარეობას, სტრუქტურულ რეფორმებს, ბიუჯეტის მხარდამჭერ პროექტებსა და ტექნიკურ დახმარებებს.
ფინანსთა მინისტრმა მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს მიაწოდა ინფორმაცია იმ ინიციატივის შესახებ, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისებას, ადამიანური კაპიტალის განვითარებას.
„საქართველოს ფინანსთა მინისტრთან შედგა ძალიან სასიამოვნო შეხვედრა. ჩვენ განვიხილეთ მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები. ვისაუბრეთ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით. ასევე, განვიხილეთ განათლების სექტორში ინვესტირების საკითხები. აღვნიშნეთ, რომ საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ამ მიმართულებით. ხაზი გავუსვით იმ გარემოებას, რომ ამ პოტენციალის გამოყენებას აქვს დიდი მნიშვნელობა საქართველოს შემდგომი ეკონომიკური ზრდისთვის, რომლიდანაც სარგებელი უნდა მიიღოს თითოეულმა მოქალაქემ და ქვეყნის ყველა რეგიონმა.
დღეს ბევრი ქვეყანა მუშაობს იმაზე, რომ განახორციელოს ახალი, ზრდაზე ორიენტირებული ეკონომიკური რეფორმები. საქართველოს შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკა იმართება სწორად, არის კარგი ეკონომიკური ზრდა, იქმნება სამუშაო ადგილები, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. მსოფლიო ბანკი პოზიტიურად უყურებს საქართველოს ეკონომიკურ პერსპექტივას. საქართველოსთან 25 წელია ვთანამშრომლობთ და იმედი მაქვს, რომ ჩვენ კვლავ მნიშვნელოვან როლს შევასრულებთ თქვენი ქვეყნის განვითარებაში,” – განაცხადა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, სირილ მიულერმა.
შეხვედრაზე ორივე მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, გაგრძელდეს თანამშრომლობა ქვეყნისთვის პრიორიტეტული მიმართულებების მხარდაჭერად, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები