გიორგი კვირიკაშვილი: “ქართულ ოცნებას” აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყნისა და ხალხის ცხოვრება მაქსიმალურად შეცვალოს უკეთესობისკენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, ამბროლაურში სიტყვით გამოსვლისას, „ქართული ოცნების“ მიერ გაწეული საქმიანობა შეაჯამა. როგორც მან აღნიშნა, პარტიას აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყნისა და ხალხის ცხოვრება მაქსიმალურად შეცვალოს უკეთესობისკენ.
პრემიერმა პარტიულ საქმიანობაში ახალგაზრდების ჩართულობას გაუსვა ხაზი და ადგილობრივ ლიდერებს მოუწოდა, მაქსიმალურად გაშალონ დიალოგი ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან.
“დემოკრატიული მმართველობა ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესია და ჩვენც სწორედ ამ გზით მივდივართ. ნამდვილად დარწმუნებული ვარ, რომ პარტიას, თითოეულ მის წევრს, აქვს პოლიტიკური ნება, მთავარი მოტივაცია და რესურსიც იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ცხოვრება მაქსიმალურად შევცვალოთ უკეთესობისკენ. ჩვენი პარტიის რიგებში ბევრი ახალგაზრდაა და ეს ძალიან სასიხარულოა. ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტი მოტივირებული და ენერგიული ახალგაზრდა შემოემატოს “ქართულ ოცნებას”, რაც ნამდვილად დიდი შენაძენი იქნება პარტიისთვის. მინდა, ადგილობრივ ლიდერებს ვთხოვო, მოვუწოდო, მაქსიმალურად გაშალონ დიალოგი ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან. ახალი ენერგია ყოველთვის საჭიროა, განსაკუთრებით, ისეთი არასტანდარტული და გაბედული გადაწყვეტილებების მიღების დროს, როგორიც ჩვენს ქვეყანას ნამდვილად სჭირდება. ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველივე დღიდან იდგნენ პარტია “ქართული ოცნების” რიგებში და ურთულეს პირობებში გადაიტანეს ბრძოლის ყველაზე რთული ეტაპი, მინდა, კიდევ ერთხელ დიდი მოწიწებით და ქედის მოხრით დიდი მადლობა გადავუხადო. ისინი არიან ჩვენი პარტიის, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული წევრები და რა თქმა უნდა, ასეთებად დარჩებიან“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.